ახალი ამბები

მწერალ ზურა აბაშიძეზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

22 ივნისი, 2018 • 16289
მწერალ ზურა აბაშიძეზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

როგორც მწერალი ზურა აბაშიძე ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ჰყვება, გუშინ, 21 ივნისს, ღამით ჰომოფობიურ ნიადაგზე უცნობი თავს დაესხა. გარდა ამისა, აბაშიძე პოლიციელებს ადანაშაულებს გულგრილობასა და ზეწოლაში.

შსს-მ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. გარდა ამისა, გენინსპექციამ მოკლვევა დაიწყო, რათა დადგინდეს, პოლიციელებმა გადაამეტეს თუ არა უფლებამოსილებას. იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულის ნიშნები გამოვლინდება, დაიწყება გამოძიება.

“დღეს 7 საათისკენ გამოვედი სამსახურიდან, გეპეის მიწისქვეშა გადასასვლელი გადავჭერი და მეორე მხარეს ვიღაც შავ მაიკაში და ჯინსებში გამოწყობილი ტიპი ამეკიდა, ჯერ რას გავხარო, ტრანსი ხარო. თავიდან ვითომ კი მოვიგერიე, ავუჩქარე ნაბიჯი, მაგრამ ზებრაზე გადასვლისას, მანქანამ რომ სვლა შეანელა, წინ გამისწრო და ხმამაღლა დაუყვირა მძღოლს, ამ პიდარასტს რატო უთმობთ გზასო. არ მომეშვა, მიბრუნდებოდა, მაგინებდა, ბოლოს ტელეფონი ამოვიღე, ვიფიქრე, შევაშინებ, ხმას ვიწერ შენსას და კიდევ თუ გააგრძელებს გინებას პოლიციაში დავრეკავ-მეთქი. აქეთ წამოდიო, შენზე სროკს არ ავიკიდებო და მექაჩებოდა გვერდით. ახლა მართლა ვრეკავ-თქო, ავკრიფე ასთორმეტის ნომერი და მომვარდა, სახეში დამარტყა მუშტი ორჯერ, მეც რაც შემეძლო ვიფართხალე, ისეთი აღელვებული ვიყავი, ერთი-ორჯერ გავიქნიე ხელი, ჩანთა და ტელეფონი დამაგდებინა და სანამ მაკდონალდსიდან არ გამოვარდა ხალხი, არ შემეშვა, მერე გინებ-გინებით წავიდა,” – წერს მწერალი.

მისივე თქმით, მომხდარიდან 1-2 საათში ის და მისი მეგობრები საზოგადოებრივი მაუწყებლის გვერდით მდებარე პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ.

“პირველივე ჯერზე გამომძიებელმა, გაფრთხილება დავუწეროთო, განცხადება არ გინდაო, განცხადება დიდხანს იწელება, ვერ დატოვებ ქვეყანას და სულ აქ მოგიწევს სიარული და იცოდეო. გაფრთხილება რას მოიაზრებდა ოღონდ, ვერ ამიხსნა ნორმალურად, მერე წამიყვანეს დანაშაულის ადგილზე. აღმოჩნდა, რომ კამერები არ იყო დამონტაჟებული მაკდონალდსთან, 112-ის კამერები არ ფუნქციონირებსო, ასე მითხრეს. მოვბრუნდით უკან და როგორც კი შევდგი ფეხი პოლიციის შენობაში, ისევ იგივე კაცმა ამიხსნა, რომ რეალურად შეიძლება მეც ბრალეული გამოვსულიყავი,”- იხსენებს ზურა აბაშიძე.

გარდა ამისა, მისივე მონათხრობის მიხედვით, დაკითხვის დროს სამართალდამცველები მის ვერსიას არ ითვალისიწინებდნენ.

“საბოლოოდ მაინც დავწერე განცხადება, მერე დავჯექი დაკითხვაზე, რაღაცებს აკაკუნებდა სხვა თანამშრომელი კომპიუტერზე და აპირებდა დაეწერა, რომ თითქოს ჩემთვის უცნობია, რა მოტივით დამესხა თავს უცხო პიროვნება. ერთი ოცჯერ გავუმეორე, რომ უცნობი არ არის, ჰომოფობიის ნიადაგი ჰქვია მაგას, მეძახდა კიდეც პიდარასტს–თქო, სანამ არ ვიჩხუბე და მივუვარდი მეგობრებს დასახმარებლად, რომლებიც იქვე მელოდებოდნენ, ვერ გავაგებინე. თან აქეთ მომიბრუნდა, რა იყო, ამხელა კაცი ხარ, შენი აზრი არ გაგაჩნია, რას დარბიხარ მეგობრებთანო. ცოტა მოგვიანებით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა ფოტოს გადაღებაში შენიშნა ჩემი მეგობარი და ორივე გაყარა გაფრთხილების გარეშე. და ყველაფერი დაგვირგვინდა დამკითხველის კითხვით, ვერ უთხარი თავდამსხმელს, ტრანსი არ ვარ, ნორმალური ვარო,” – ამბობს აბაშიძე.

შსს-ს ინფორმაციით, ფეისბუქზე“ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა გავრცელებული პოსტის ავტორი და მისი მეგობრები გასაუბრების მიზნით სამინისტროში დაიბარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი