ახალი ამბები

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს უსმენს [Live]

22 ივნისი, 2018 • 1721
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს უსმენს [Live]

საქართველოს პარლამენტში შექმნილი დორებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2017 წლის დეკემბერში თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს სწავლობს, დღეს ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს უსმენს. მოკლული დავით სარალიძის მამა კომისიის წევრ დეპუტატებს ამ საქმეზე მის ხელთ არსებულ ინფორმაციას აწვდის.

როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე აცხადებს, კომისიის წევრები გაეცნენ რამდენიმე ათასგვერდიან მასალას, შეისწავლეს საქმის დეტალები და ახლა უშუალოდ მხარეთა ახსნა-განმარტებებს მოისმენენ:

“ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გავეცანით რამდენიმე ათას გვერდ მასალას, შევისწავლეთ სასამართლოს და შსს/პროკურატურის საქმეები, ხოლო ხვალიდან დავიწყებთ უშუალოდ ფიგურანტებთან (დაზარალებულები, ბრალდებულები/მსჯავრდებულები, მოწმეები) შეხვედრებს და ახსნა-განმარტებების მოსმენას” – ამბობს კაპანაძე.

სერგი კაპანაძის თქმით, კომისიის სხდომები საჯარო იქნება გარდა იმ შეხვედრებისა, რომლის ფარგლებშიც დეპუტატები არასრულწლოვნებს გამოკითხავენ.

საქართველოს პარლამენტმა 6 ივნისს დადუნაშვილი-სარალიძის მკვლელოობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია 95 ხმით დაამტკიცა.

17-კაციან კომისიაში 9 წარმომადგენელი საპარლამენტო უმცირესობას ჰყავს. “ევროპული საქართველოდან” კომისიის შემადგენლობაში დაამტკიცეს სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი.

დანარჩენ წევრებს კი “ქართული ოცნებისა” და “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატები დააკომპლექტებენ – მათ შორის: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე და ადა მარშანია. კომისიაში ასევე იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილიც.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

რისი გამოძიება შეუძლია პარლამენტის საგამოძიებო კომისიას

მასალების გადაბეჭდვის წესი