ახალი ამბებიხელოვნება

ტორესა მოსი: თავი დაანებეთ ქუჩის მუსიკოსებს, არ სჭირდება რეგულირება

21 ივნისი, 2018 • 2602
ტორესა მოსი: თავი დაანებეთ ქუჩის მუსიკოსებს, არ სჭირდება რეგულირება

მუსიკოსი და მწერალი, ტორესა მოსი სერგი გვარჯალაძის ინიციატივას აკრიტიკებს და წერს, რომ ქუჩის მუსიკოსების საქმიანობის რეგულირება ამ სცენას კარგს არაფერს მოუტანს.

ტორესა მოსი სერგი გვარჯალაძის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსსაც გამოეხმაურა ქუჩის მუსიკოსების შესაძლო რეგულირებასთან დაკავშირებით:

“სადაც ოდესმე რამე ფორმით ხელოვნებაში სახელმწიფო და ბიუროკრატია ჩაერია, ყველაფერი ჩაბანძდა. ელექტრონული მუსიკის სცენა იმიტომ არ განვითარებულა, რომ სახელმწიფომ იზრუნა ამაზე. უბრალოდ, სახელმწიფოს ეკიდა ელექტრონული მუსიკა და ზუსტად ამიტომ განვითარდა.

თავი დაანებეთ, შეეშვით. არ სჭირდება რეგულირება. ყოველთვის, როცა ქუჩაში დასაკრავად გავსულვარ, მიპოვნია ადგილი. ორი მუსიკოსი ყოველთვის უფრო მარტივად გვარდება ერთმანეთში. მეც დამითმია ადგილი და სხვასაც დაუთმია ჩემთვის. ისეც მომხდარა, რომ მე რომ ფული მჭირდებოდა და იმიტომ ვუკრავდი, მოსულა ტიპი, რომელსაც უბრალოდ გასწორება უნდოდა, დამდგარა ჩემთან, ერთად გვიმღერია და ფული მთლიანად დაუტოვებია ჩემთვის და მეც გამიკეთებია იგივე. რაის მერიის ნებართვა და რეპერტუარის შეთანხმება? უფრო არევთ და დაძაბავთ ადამიანებს. გაეშვით, რა.”

რაც შეეხება განვითარებული ევროპული ქვეყნებისა და ქალაქების მსგავს პრაქტიკას ქუჩის მუსიკოსების რეგულაციებთან დაკავშირებით, ამის საპასუხოდ, ტორესა მოსი წერს:

“საქართველო არის ევროპის საშუალო დონის ქვეყანაზე დაახლოებით 15-ჯერ უფრო ღარიბი. მარაზმია, დადგე და ლონდონის მაგალითი აიღო, რადგან იქ პრობლემა წარმოქმნა უცხოელების დიდმა რაოდენობამ, რომლებიც მოგზაურობენ და საჭირო თანხას აგროვებენ ამ გზით. სადაც ჩადიან, დგებიან და მღერიან.

მსგავსი რეგულაციები ძირითადად ასეთ ქალაქებში მოქმედებს, რადგან კონფლიქტური სიტუაციები წარმოიქმნა და ადგილობრივებისთვის უპირატესობის მისაცემად დაალაგეს მასე. ბუნებრივია, სამი დღით რომ ხარ ქალაქში ჩასული, ერთკვირიან პროცედურას ვერ გაივლი, რომ დაკვრის უფლება მოიპოვო. ამ დროს უსაბუთოდ რომ დგები და ადგილობრივი მუსიკოსი მოდის, მარტივად გაგდებს, რადგან გეუბნება, რომ მას ამ ადგილზე დაკვრის უფლების დამადასტურებელი მოწმობა აქვს, შენგან განსხვავებით. მოკლედ, მსგავსი რეგულაციები კონკრეტულ ქალაქებში წარმოშვა კონკრეტულმა პრობლემამ. ჩვენ უბრალოდ ვმეტიჩრობთ.”

ტორესა მოსი ქუჩის მუსიკოსების, საკუთარი გამოცდილებისა და შესაძლო რეგულაციებზე:

“ქუჩაში დამიკრავს არაერთხელ, მათ შორის, სიამოვნებისთვისაც და მაშინაც, როცა უბრალოდ საჭმლის და სიგარეტის ფული მინდოდა.

ქუჩაში უამრავ მუსიკოსს შეხვდებით, ზოგს უბრალოდ უსწორდება ქუჩაში დაკვრა. ზოგს პრინციპულად უნდა მუსიკით ცხოვრება და ქუჩაში დაკვრა მისთვის ერთადერთი შესაძლებლობაა. ზოგს სხვა გამოსავალი რომ არ აქვს, დგება და უკრავს.

მახსოვს, ერთ დილით გავიღვიძე და ჯიბეში ხუთი თეთრიც არ მქონდა. არც გიტარა მქონდა და Thor Nike -ს დავურეკე, წამო, ქუჩაში დავუკრათ-მეთქი. გამოვიდა, გიტარა წამოიღო და ასე სამ ან ოთხ მიწისქვეშაში დავუკარით და, მგონი, 10 ან 15 ლარი ავაგროვეთ, ზუსტად არ მახსოვს. მაგ ფულით ყავა და სიგარეტი ვიყიდეთ და საღამოს კანუდოსში თითო ლუდი დავლიეთ. ალბათ 8-9 საათი მაინც ვუკრავდით და სახლში ძალიან დაღლილი დავბრუნდი. ვიფიქრე, მეორე დღესაც იგივე მომიწევდა, მაგრამ პალიტრამ ჩემი წიგნის სამი თვის გაყიდვების ჯამი, 20-25 ლარი ჩამირიცხა და ორი თუ სამი დღე ასე გავიტანე.

ჰოდა, რატომ მოვყევი ეს ყველაფერი:

მთავრობას თავისი ტაშისმკვრელი არტისტებისთვის კულტურის სამინისტრო აქვს, რომლის ერთადერთი ფუნქცია არის ის, რომ ჩვენი ჯიბიდან მოპარული ფულით ეს ტაშისმკვრელები თბილად და აღუშფოთველად ჰყავდეს. ქუჩაში უამრავი ძალიან მაგარი მუსიკოსი მინახავს – ისეთი, აი, ის კულტურის ღვაწლმოსილი მუშაკები ვერასოდეს ახლოს რომ ვერ მივლენ. დაანებეთ ქუჩის მუსიკოსებს თავი და აჭამეთ, ვისაც აჭმევდით. ისინი არც დაფინანსებას გთხოვენ, არც ფილარმონიის სცენას, ქუჩა მათთვის ხანდახან ერთადერთი ადგილია, სადაც თავის გადასარჩენად გადიან და ხანდახან ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანებს საკუთარ შემოქმედებას უზიარებენ. შეეშვით. სადაც ოდესმე სახელმწიფო თავისი რეგულაციებით და ჩინოვნიკებით ჩაერია, ყველაფერი ჩამძ**ერდა.

დაცენზურებული სტრიტ არტის არ იყოს. შეგვეშვით, რა. უბრალოდ, თავი დაგვანებეთ. ბოლოს, რის მიმართაც ინტერესი არ გამოხატეთ, ისე განვითარდა, რომ დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს. ელექტრონული მუსიკის სცენას ვგულისხმობ. ჰოდა, დაანებეთ თავი ქუჩის მუსიკას და არ ჩაერიოთ, თორემ ამასაც დაბრიდავთ.”

ღამის თბილისის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე ამბობს, რომ ქუჩის მუსიკოსებისთვის შესაძლოა რეგულაციები დაწესდეს, რომლის მიხედვითაც უნდა წარადგინონ თავიანთი რეპერტუარი და ის, თუ სად შეეძლება დადგომა.

სერგი გვარჯალაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ არიან ქუჩის მუსიკოსები, რომლებიც აკეთებენ მუსიკას, მაგრამ მათ გევრდით არიან ისინიც, ვინც ხმაურს ქმნიან. მისი თქმით, ლონდონის გამოცდილების მიხედვით, მუსიკოსი წინასწარ ათანხმებს რეპერტუარს და ადგილს, სად შეუძლია იმღეროს, რომელ საათებში. მისი თქმით, ლიცენზიები, მათ შორის ფულადი გადასახადი არ დაწესდება.

“მუსიკას უნდა უკრავდნენ და არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც გაჭირვების გამო გამოვიდა”, – ამბობს გვარჯალაძე.

გვარჯალაძის თქმით, მოსაფიქრებელია, თუ ვინ გასცემს ნებართავს და რა ფორმით. იგი ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს საპილოტე პროექტი, მერიამ ჩაატარასო ქუჩის მუსიკის ფესტივალი, რომელიც განავითარებს ქუჩის მუსიკის სცენას. ღამის ეკონომიკის პროექტის ხელძღვანელი ამბობს, რომ ფესტივალის ფარგლებში შესაძლოა შემსრულებლებმა ვიდეოები გამოაგზავნონონ და მოქალაქეების ჩართულობით და ხმის მიცემით გაარკვიონ გამარჯვებული.

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქუჩის მუსიკოსების მიმართ სანქციების დაწესება არ იგეგმება. დედაქალაქის მერის თქმით, მერია გეგმავს ქუჩის მუსიკოსებს დაეხმაროს და ხელი შეუწყოს.

იხილეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი