ახალი ამბები

კომპანია “სვეტის” ოფისში დაზარალებული მენაშენეები შიმშილობენ

21 ივნისი, 2018 • 3994
კომპანია “სვეტის” ოფისში დაზარალებული მენაშენეები შიმშილობენ

სამშენებლო კომპანია “სვეტის” ოფისში დაზარალებული მენაშენეები დირექტორებთან შეხვედრის მოთხოვნით შიმშილობენ. მათი მოთხოვნაა, მიაწოდონ ინფორმაცია, თუ ვინ ყიდულობს კომპანიის წილს, რათა მშენებელობები დასრულდეს.

როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა მენაშენემ, ჯულია ბეგიაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, ის და 50–მდე დაზარალებული მენაშენე ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ოფისში იმყოფებიან.

ჯულია ბეგიაშვილმა “ნეტგაზეთს” უამბო, რომ 3 წლის წინ შეიტანა 7 000 დოლარი მშენებარე ბინაში, დარჩენილი თანხა კი 5 წელზე გადაუნაწილეს. თუმცა შავი კარკასი დღემდე არაა ჩაბარებული. ჯულიას თქმით, ამჟამად ნათესავის სახლში ცხოვრობს.

მენაშენის თქმით, ბოლო შეთანხმების მიხედვით, 2017 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო მშენებლობა. მენაშენეები გაურკვევლობაში არიან, რადგან არ იციან, ვინ შეისყიდის კომპანია “სვეტს”.

ჯულია ბეგიაშვილმა ასევე გვითხრა, რომ მოითხოვენ, თბილისის მერიაც ჩაერთოს ამ დავის მოგვარებაში. მისი თქმით, აქციის მონაწილეები მივიდნენ საქართველოს მთავარ პროკურატურასთან, სადაც შეხვდნენ უწყების წარმომადგენლებს, რომლებმაც განუცხადეს, რომ ეს საკითხი ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაში შედის.

სვეტის სავარაუდო შემსყიდველად კომპანია “სფერო ჰოლდინგი” დასახელდა, თუმცა ჯულია ბეგიაშვილი ამბობს, რომ ეს კომპანიაც დაყადაღებულია.

კომპანია “სვეტი” აშენებდა საცხოვრებელ სახლებს თბილისში, ჭყონდიდელის და მირცხულავას ქუჩებზე.

თბილისის გარდა, კომპანიამ თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროსთან „ოლიმპიური ქალაქის” მშენებლობა 2016 წელს დააანონსა. კომპანია აქ ბინებს მშენებლობის დაწყებამდე ყიდდა. მოგვიანებით „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ ტერიტორიის უმეტესი ნაწილი, სადაც პროექტი უნდა განხორციელებულიყო, „სვეტი ჯგუფს“ აღარ ეკუთვნოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი