გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირდა – სტატისტიკა

გერმანიაში საქართველოს მიერ თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა მცირდება. გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის მაისში საქართველოდან თავშესაფარის მოთხოვნის განაცხადი 174-მა ადამიანმა შეიტანა, როცა მაგალითად, იანვარში 696-მა ადამიანმა მოითხოვა გერმანიაში თავშესაფარი საქართველოდან.

გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახური სტატისტიკას აწარმოებს შემდეგი პრინციპით- ის ითვლის პირველადი და განმეორებით განაცხადის ოდენობებს და ამ რაოდენობას აჯამებს. ნეტგაზეთი გთავაზობთ ცხრილს, სადაც ნაჩვენებია ბოლო თვეების მანძილზე ყოველ თვეში რამდენი განაცხადი კეთდებოდა საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნით.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, 2018 წლის თებერვალში გერმანიის ერთ-ერთმა მიწამ,  პრეტენზიები გამოხატა არალეგალური მიგრაციისა და კრიმინალის ზრდის გამო, რომელიც საქართველოს უკავშირდებოდა. ნორდრაინ-ვესტფალიის ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებდა, რომ რეგიონი ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავდა და განიხილავდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხს. სტატისტიკის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ პიკს  სწორედ იანვარ-თებერვალშო მიაღწია.

საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 2017 წლის მარტის ბოლოს მიიღო. უვიზო მიმოსვლის მიღებამდე და შემდეგ რამდენიმე თვის მანძილზე გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა საქართველოდან საშუალოდ ყოველთვიურად 200 განაცხადში გამოიხატებოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com