ახალი ამბები

ჩემი პოზიციაა, რომ უკრაინას დამოუკიდებელი ეკლესია უნდა ჰქონდეს – მიტროპოლიტი პეტრე

21 ივნისი, 2018 • 2820
ჩემი პოზიციაა, რომ უკრაინას დამოუკიდებელი ეკლესია უნდა ჰქონდეს – მიტროპოლიტი პეტრე

“ჯერ კონსტანტინოპოლმა უნდა გამოკვეთოს თავისი პოზიცია”, – ასე უპასუხა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის თაობაზე დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საკითხი არ დგას ასე: დაუჭერს თუ არა მხარს საქართველო უკრაინის ეკლესიის ავტოკფეალიას:

“ამ თემაზე კონსტანტინოპოლი მუშაობს, უმარავი შეკითხვებია და ჩვენც ასევე პარალელურ რეჟიმში ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ. ჩემი პოზიციაა, რომ უკრიანას, 40-მილიონიან ქვეყანას უნდა ჰქონდეს დამოუკიდბეელი ეკლესია და დამპყრობელი ქვეყნის [რუსეთის] პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში და არ ექვემდებარებოდეს მას ეკლესიურად, მაგრამ პროცესუალურად ეგ საკითხი დროში გაიწელება”, – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ საპატრიარქოში სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ.


5 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ეწვია რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი უკრაინის ეკლესიის საქმეებზე სასაუბროდ.

“დღეს საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ (ალფეევი), ორ თანმხლებ პირთან ერთად. სტუმრობის მიზანი იყო უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობა”, – ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ მაშინ გავრცელებულ განცხადებაში. საპატრიარქოს ცნობით, უახლოეს პერიოდში ამავე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიას ეწვევა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლობა.

ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში საქართველოში  ჩამოვიდა რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი. მას ევალება, ერთი მხრივ,  რუსულენოვანი მართლმადიდებლების მსახურება, მეორე მხრივ კი, რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციის გამხმოვანებელიც იქნება. ამ თანამდებობაზე რუსეთის საპატრიარქოს სინოდმა დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი დანიშნა.

მოგვიანებით საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

უკრაინული გამოცემის, “უნიანის” ცნობით, უკრაინის პრეიდენტი პორშენკო იმედოვნებს, რომ 2018 წლის ივლისისთვის კიევის ეკლესია ავტოკეფალიას მოიპოვებს. 2018 წლის 28 ივლისს კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1030 წლისთავს ზეიმობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი