კოალიცია: GPB-ის მენეჯმენტის ქმედება საფრთხეს უქმნის ჟურნალისტთა გამოხატვის თავისუფლებას

“კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” მიუღებელ და საფრთხის შემცველ პრეცედენტად აფასებს პირველი არხის მენეჯმენტის მხრიდან ხორავას ქუჩის ტრაგედიის შესახებ “გამომძიებელი რეპორტიორის” მიერ მომზადებული ფილმის ეთერში გასვლისთვის წარმოებულ პროცედურებს.

“პირველი არხის აღმასრულებელი საბჭოს მიერ ამ თემაზე გავრცელებული განცხადების თანახმად, ეთერში გასვლამდე მენეჯმენტმა “აღნიშნული ფილმი გადააგზავნა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამოსაძიებლად შექმნილ საპარლამენტო დროებით კომისიაში ერთი შეკითხვით, ხომ არ შეუშლიდა ხელს ამ ფილმის გაშვება გამოძიების პროცესს?!” “ფილმი ასევე გადაეგზავნა სახალხო დამცველს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას.” ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის “შესაბამისი სამსახური” მოკლებულია უნარს დამოუკიდებლად, როგორც კანონი კარნახობს – პოლიტიკური და ინტერესთა ჯგუფების ჩარევის გარეშე, მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილება, აჩვენებს მენეჯმენტის არაკომპეტენტურობას, შიდაწარმოების სტანდარტებისა და პროცედურების მოშლილობას, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის ჟურნალისტთა, მით უფრო გამომძიებელ ჟურნალისტთა, გამოხატვის თავისუფლების უფლებას საზოგადოებრივ მაუწყებელში”, – ნათქვამია კოალიციის მიერ დღეს, 21 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

კოალიცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეთიკურ დილემებზე მსჯელობა არის თვითრეგულირების ნაწილი და დაუშვებელია თვითრეგულირების თვითცენზურასა თუ პირდაპირ ცენზურაში გადაზრდა.

“გამაოგნებლია აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, ამბობს, რომ “მაუწყებლის შესაბამისი სამსახურის აზრით, ფილმი არ აკმაყოფილებს ჟურნალისტური საქმიანობის სტანდარტებს და მაუწყებელთა ქცევის კოდექსს”, მაგრამ მიუხედავად ამისა, საბჭომ ფილმის ეთერში გაშვება საპარლამენტო კომისიის მითითებითა და ნებრთვით გადაწყვიტა”, – აცხადებს კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის.

კოალიცია გამოთქვამს წუხილს, რომ პარლამენტის წევრებმა, პოლიტიკოსებმა, რომლებსაც მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან წინასწარი რევიზიისთვის მიეწოდათ საგამოძიებო მედიაპროდუქტი, უნებურად შეუწყვეს ხელი ჟურნალისტური საქმიანობის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის საშიში პრეცედენტის ლეგიტიმაციას.

კოალიცია მოუწოდებს საზოგადოებირვი მაუწყებლის მენჯემენტს, შექმნას ეფექტური მექანიზმები საგამოძიებო ჟურნალისტური პროდუქტის დამოუკიდებელი წარმოებისთვის იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს როგორც ეთიკური პრინციპების, ისე საკანონმდებლო ვალდებულებების და საკონსტიტუციო ნორმების დაცულობა, უზრუნველყოფილ იყოს ჟურნალისტთა გამხატვის თვასუფლება.

კოალიციის წევრები არიან:

  • ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • მედიაკლუბი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • სატელევიზიო ქსელი
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია
  • მედიის მხარდაჭერის ფონდი
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.