მურუსიძის დასაბუთება “აიისას” საქმეზე, რასაც მოსამართლის პრეზერვატივზე გამოსახვა მოჰყვა

მას შემდეგ, რაც ლევან მურუსიძემ “აიისას” საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, გიორგი მშვენიერაძის ინიციატივით, მოქალაქეებმა კომპანიას ამ მოსამართლის გამოსახულებიანი პრეზერვატივების დამზადება დაუკვეთეს. “აიისა”, სავარაუდოდ, სწორედ ლევან მურუსიძის გამოსახულებიანი პრეზერვატივების დამზადებით მიღებული თანხით აპირებს 500-ლარიანი ჯარიმის გადახდას.

კომპანიის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, თუკი მისი აზრისა და პროტესტის ამ ფორმის გამო უჩივლებს ლევან მურუსიძე, “კიდევ ერთი კურიოზული საქმე გვექნება, რომელიც დაგვანახებს ამ მოსამართლის არაპროფესიონალიზმს:

“ეს არის ჩემი პირადი პროტესტის გამოხატვა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და არა, როგორც კომპანია “აიისასი”. გულწრფელად ვთვლი, რომ ლევან მურუსიძე თავზე წამოაჯდა სასამართლოს. ეს არ ამარტო ამ კონკრეტულ საქმეს ეხება, მაგრამ აქაც კარგად ჩანს. ეს არის ჩემი პროტესტის გამოხატვა და ასე ფიქრობს ბევრი ადამიანი. თუკი ბატონი მურუსიძე ჩემს აზრს და ასეთ გამოხატვას ჩათვლის უკანონოდ და გაასაჩივრებს… ჩვენ ასეთი პრეცედენტი გვქონდა უკვე, როდესაც ბატონმა კაკაბაძემ საკუთარ სასამართლოში იჩივლა და მოუგო ფადი ასლის იმიტომ, რომ იქ რაღაც ფაქტზე იყო დავა.

ეს ჩემი აზრია და თუკი ამ აზრის გამო მიჩივლებს ბატონი მურუსიძე, სიამოვნებით შევხვდები. უბრალოდ, კიდევ ერთი კურიოზული საქმე გვექნება და კიდევ ერთხელ დაგვანახებს კარგად ბატონი მურუსიძე მის პროფესიონალიზმს ამ ტიპის საჩივრებზე.”

რატომ მიიჩნევს დაცვის მხარე მურუსიძის ვრცელ დასაბუთებას დაუსაბუთებლად

გიორგი მშვენიერაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებ უფრო ვრცელია და ცდილობს, უპასუხოს ყველა იმ საკითხს, რომელიც დაცვის მხარეს დაყენებული ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს წინაშე, ის მაინც დაუსაბუთებელია.

“ძირითადად დამაბნეველი მცდელობაა, სასამართლოს ბევრი გადაწყვეტილებიდან სხვადასხვა ციტატის მოშველიებით შექმნას ილუზია, თითქოს საქართველოში ან რომელიმე ნორმალურ, განვითარებულ, ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი გამოხატვის შეზღუდვა არის შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის,” – ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

ადვოკატი 4 ძირითად საკითხზე ამახვლილებს ყურადღებას, რის გამოც, მისი თქმით, ლევან მურუსიძის დასაბუთება კრიტიკასაც კი ვერ უძლებს:

“1. სასამართლო საერთოდ თავს არიდებს იმ საკითხზე მსჯელობას, რაც ხაზგასმით მქონდა დაყენებული ჩვენს სააპელაციო საჩივარში და ამას ვამბობდით საქალაქო სასამართლოშიც – საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს საჯარო მორალის მოტივით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას და უფრო მაღალ ევროპულ სტანდარტს გვთავაზობს, ვიდრე არის ევროპული კონვენცია. ევროსასამართლ- თუნდაც ხედავდეს რელიგიურ გრძნობებს, როგორც შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს, ოღონდ ისიც საგამონაკლისოდ- ხედავს საჯარო მორალის კატეგორიაში, ხოლო საქართველოს კონსტიტუცია საჯარო მორალის კატეგორიით საერთოდ არ ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. სასამართლო ამას გვერდს უვლის და თითქოს ცდილობს, მანიპულირება შექმნას, რომ იგივე არის საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მეოთხე პუნქტისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მეორე პუნქტის რეგულაციები და გამოჰყავს ისე, რომ თითქოს ის შეზღუდვა, რომელიც მოცემულია კონვენციაში, ავტომატურად ვრცელდება კონსტიტუციაზე, რაც ასე არ არის.

2.  ჩვენ სასამართლოს ვრცლად ვუსაბუთებდით, თუ რატომ არის და შესაძლოა იყოს აღნიშნული ნორმა არაკონსტიტუციური, რომლის გამოყენებაც სასამართლოს მოუწევდა, თუმცა სასამართლომ თავი აარიდა ამ საკითხზე მსჯელობას და მხოლოდ ერთ აბზაცში გვიპასუხა, რომ ამ შეხედულებას არ იზიარებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არის დაუსაბუთებელი. გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ეს შუამდგომლობა იყო ძალიან ფართოდ და კარგად დასაბუთებული; რამოდენიმეგვერდიანი დასაბუთება იყო, სადაც დეტალურად იყო ახსნილი, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებიდან პირდაპირი ციტირებებით, თუ რატომაა დაუშვებელი საქართველოში ზნეობის და მორალის მოტივით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და რატომ არ არის ეგეთი შეზღუდვა კონსტიტუციური.

3. მას არა მხოლოდ რელიგიური გრძნობები, არამედ ე.წ. ეროვნული ღირებულებების დაცვის მოტივი შემოაქვს, როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობა. ჩვენ ვაწყდებით ძალიან საშიშ პრეცედენტს, რომ რელიგიურ გრძნობებს ნაწილობრივ განიხილავს, როგორც რელიგიის თავისუფლების შემადგენელ კომპონენტს, რაც ასე ნამდვილად არ არის. რელიგიის თავისუფლება არანაირად მოიცავს საკუთარ თავში ადამიანის უფლებას, დაცული იყოს მისი სუბიექტური წარმოდგენები და შეხედულებები სამყაროს შემოქმედის, მისი რელიგიური შეხედულებების ან ღმერთის შესახებ. ამიტომ ესეც ძალიან მცდარი და საშიში პრეცედენტია.

4. რეკლამის მიხედვით კანონში წერია, რომ საყოველთაოდ აღიარებულ მორალურ და ზნეობრივ ნორმებს უნდა არღვევდეს, რომ რეკლამა უნდა იყოს არაეთიკური. სასამართლოს ეს დაყავს კონკრეტულ საზოგადოებაში, საქართველოში, ამა თუ იმ მოქალაქის გასაშუალოებულ აღქმადობაზე და აღწერს, რომ თამარ მეფე, აღმაშენებლის დიდგორის ბრძოლა, სამეფო გვირგვინი ან თუნდაც სახელოვნებო ნაწარმოებებიდან ესა თუ ის ციტატა, რატომ არის მიუღებელი ჩვეულებრივი მოქალაქისთვის და მხოლოდ ის, რომ  მოქალაქისთვის ეს მიუღებელია, საკმარის არგუმენტად მიაჩნია გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად. ეს არის ყოვლად დაუშვებელი მსჯელობა, რადგანაც ვერანაირ კრიტიკას უძლებს მსგავსი დამოკიდებულება გამოხატვის თავისუფლებისადმი. ამ ლოგიკით შესაძლებელია საშუალოდ ჩვეულებრივი მოქალაქისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს ძალიან ბევრი გამოხატვა საქართველოში. ამიტომ ასეთი მიდგომა სასამართლოს მხრიდან არის ძალიან ცუდი.”

გიორგი მშვენიერაძე იხსენებს ცნობილ წერილს, თუ რითი განსხვავდება დასავლური ლიბერალური დემოკრატიული ქვეყნები დანარჩენი მსოფლიოსგან. ადვოკატი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ლიბერალური დემოკრატიის განხორციელება და შენარჩუნება დაფუძნებულია მიუკერძოებელ/დამოუკიდებელ სასამართლოზე და არა უმრავლესობის პლებისციტზე:

“სამწუხაროდ, ჩვენი სასამართლო საქმეს იხილავს არა ისე, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო უნდა იხილავდეს, არამედ ისე, როგორც ეს ესიამოვნება ამ საზოგადოებაში, მისი შეხედულებით, უმრავლესობას. ეს არის ძალიან საშიში იმიტომ, რომ ლიბერალური დემოკრატიის საწინააღმდეგო ქცევაა.”

ლევან მურუსიძის დასაბუთება “აიისას” საქმეზე

“აიისას” საქმე – მოკლედ

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევის თაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159–ე მუხლის დარღვევისთვის (არასათანადო რეკლამირება) შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.

კანონის მიხედვით, ამ საკითხზე სასამართლოს უნდა ესმჯელა. პირველი ინსტანციის სასამართლომ 4 მაისს “აიისას” დამფუძნებელი, როგორც ინდმემწარმე, სამართალდამრღვევად ცნო და  500 ლარით დააჯარიმა.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” იურისტი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში გამოხატვის თავისუფლების ცენზურის კუთხით საშიშ პრეცედენტს ქმნის.

სასამართლო პროცესზე მერია ასაბუთებდა, რომ წითელი არის მეფეთა მოსასხამის ფერი, რომელიც ქრისტესგან მემკვიდრეობით მიიღეს, ხოლო ცისფერი და ყვითელი არის ზეციური ფერი. სასამართლოს გადაწყვეტილება “აიისამ” სააპელაციოში გაასაჩივრა, სადაც საქმე ლევან მურუსიძემ განიხილა.

სააპელაციო სასამართლო იყო ბოლო ინსტანცია საქართველოში და ის არ საჩივრდება უზენაესში. საქმე სავარაუდოდ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაინაცვლებს.

ვინ არის ლევან მურუსიძე?

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ლევან მურუსიძე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ 2015 წლის დეკემბერში აირჩიეს.

ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.