ახალი ამბები

კვლევის თანახმად, მინდელის შახტის ტრაგედიის მიზეზი სამთო დარტყმა არ ყოფილა – პროფკავშირები

21 ივნისი, 2018 • 2299
კვლევის თანახმად, მინდელის შახტის ტრაგედიის მიზეზი სამთო დარტყმა არ ყოფილა  – პროფკავშირები

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თქმით, 5 აპრილს მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებში, რა დროსაც 6 ადამიანი გარდაიცვალა, არა სამთო დარტყმა ან სხვა ბუნებრივი მოვლენები, არამედ ადამიანური გადაცდომის შესაძლებლობები იკვეთება. ამის შესახებ პროფკავშირებმა დღეს, მინდელის შახტში ჩატარებული კვლევის პრეზენტაციისას განაცხადეს.

როგორც გაერთიანებული პროფკავშირები განმარტავენ, თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივით და მოწვევით, 2018 წლის 23 -26 აპრილის პერიოდში, შრომის დაცვის სფეროში უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარდა 5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მომხდარი იმ ტრაგიკული შემთხვევის მიზეზების კვლევა.

“მოკვლევის ფარგლებში განხილული იყო მინდელის სახელობის შახტში ქვანახშირის მოპოვების სამთო-გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პირობები, 2018 წლის 5 აპრილს ღამით მომხდარი ავარიის წარმოშობის გარემოებები და მიზეზები, შესრულდა სამთო გამონამუშევრებისა და ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის ავარიული უბნის შესწავლა. მოკვლევის შედეგად მომზადდა 21-გვერდიანი დასკვნა, რომელიც ნაწილობრივ იძლევა პასუხს მთავარ კითხვაზე – თუ რა გახდა შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი,” – წერია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, დასკვნა სრულყოფილი არ არის, ვინდაიან მკვლევრებს ხელს უშლიდა საწარმოში აუცილებელი დოკუმენტების არარსებობა, რომელიც საგამოძიებო ორგანოებმა ამოიღეს. პირველადი ინფორმაციის ნაწილი და სამთო სამუშაოების წარმოების ცალკეული პარამეტრები კი, რომელთა საფუძველზეც ანგარიში მომზადდა, მოპოვებულია ზეპირი ფორმით საწარმოს ოფიციალური წარმომადგენლებისაგან. 

თუმცა, პროფკავშირების განცხადების მიხედვით, მიუხედავად ხელშემშლელი ფაქტორებისა, ანგარიშით იკვეთება რიგი მნიშვნელოვანი საკითხები. სწორედ მათ საფუძველზე, პროფკავშირის განცხადებით, შესაძლებელია იმ დასკვნის გაკეთება რომ:

“2018 წლის 5 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზები არ უნდა ვეძებოთ სამთო დარტყმასა და სხვა ბუნებრივ მოვლენებში, არამედ უფრო მეტად იკვეთება ადამიანური გადაცდომის შესაძლებლობები ნახშირმოპოვებითი უბნის მომზადების, სავენტილაციო და შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვის, შრომის ორგანიზების, საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების და ა. შ. პროცესებში,” – წერს გაერთიანებული პროფკავშირები.

როგორც პროფკავშირები კვლევის დასკვნაზე დაყრდნობით აცხადებენ, ირკვევა, რომ ნახშირმომპოვებელ უბანზე ავარიამდე ცვლაში მომუშავეებზე გაიცა საამფეთქებლო მასალები. ავარიის შემდგომ ადგილის შემოწმების შედეგად, ამ მასალების მხოლოდ მცირე რაოდენობა აღმოაჩინეს. აღნიშნული კი იმ ვარაუდის საფუძველია, რომ ბრიგადამ გარკვეული საამფეთქებლო სამუშაო შეასრულა.

“უკრაინელ ექსპერტთა ვარაუდით, ავარიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა სწორედ საამფეთქებლო სამუშაოების არასწორად განხორციელება ყოფილიყო. ასევე დასადგენია, იმ დროს, როდესაც ცვლის შეცვლის პერიოდი არ იყო, ყველა გარდაცვლილი და დაშავებული მეშახტე რატომ იმყოფებოდა ერთ კონკრეტულ ადგილზე. გამოძიებას ექნება საშუალება ნახოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით – ის ფაქტი, გარდაცვლილებს აღენიშნებათ მხოლოდ მექანიკური დაზიანებები თუ ამასთან ერთად აქვთ დამწვრობის კვალიც, საგრძნობლად დაავიწროებს მომხდარის სავარაუდო ვერსიების რაოდენობას,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე სიტყვებით, იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილება მოხდეს, საჭიროა შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება, კერძოდ:  ნახშირის მომპოვებელ შახტებზე, გარდა მეთანის და სხვა აირების ეპიზოდური ინდიკაციის ტექნიკური საშუალებებისა, უნდა არსებობდეს აირების კონცენტრაციის მუდმივ რეჟიმში ინდიკაციის და რეგისტრაციის სტაციონარული სისტემა, ასევე უნდა არსებობდეს საამფეთქებლო და სხვა სამუშაოების წარმოების დისტანციური კონტროლის მექანიზმი, ასევე აუცილებელია, რომ მუდმივ რეჟიმში ხდებოდეს დისპეტჩერისა და ცვლის პერსონალის სატელეფონო საუბრების აუდიოჩაწერა.

“პროფკავშირების გაერთიანება მოითხოვს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის ტყიბულის სოციალური ალტერნატიული განვითარების გეგმის შემუშავებას და შახტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზრუნვას. აღსანიშნავია, რომ შსო-მ გამოთქვა სრული მზადყოფნა მიიღოს მონაწილეობა, ტყიბულის შახტებში ჩაატარონ ექსპერტიზა და დაეხმარონ ქართულ მხარეს რეგიონში სხვა ეკონომიკური სექტორების განვითარების გეგმის შემუშავებაში,” – წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, პროფკავშირების გაერთიანება ძალაში ტოვებს იმ მოთხოვნებს და ინიციატივებს, რომლებიც ტრაგედიიდან მალევე დააყენა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე. კერძოდ: საუბარია ნახშირის და მარგანეცის მოპოვებაზე დასაქმებული ადამიანებისთვის შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაზე, საპენსიო ასაკის 55 წლამდე დაწევაზე, საშემოსავლო გადასახადის გაუქმებაზე და ძალოვანი სტრუქტურების იდენტური საკომპენსაციო სისტემის დანერგვაზე, აგრეთვე, საწარმოო შემთხვევების დაზღვევის სისტემის შემოღებაზე.

2018 წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტში ნგრევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა – 3 კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევისას სხეულის მძიმე დაზიანებების შედეგად დაიღუპნენ მინდელის სახელობის შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატები: 1972 წელს დაბადებული მ. ქ, ოსტატ-ამფეთქებელი – 1968 წელს დაბადებული ბ. გ, სამთო მუშები – 1992 წელს დაბადებული პ. გ, 1959 წელს დაბადებული გ. რ, 1990 წელს დაბადებული გ.ბ. და 1966 წელს დაბადებული ე.ბ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ტრადიციულად დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტი, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე 11 ადამიანი დაიღუპა, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა. სწორედ მათი ვერსიით, მინდელის შახტის ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი ე.წ. “სამთრო დარტყმაა”. ეს უკანასკნელი გვირაბის მომიჯნავე ქანის მასივის ზღვრულად დაძაბული ნაწილის უეცარი, სწრაფად მიმდინარე რღვევა (დაშლა), რომელსაც თან ახლავს გვირაბში ქანის გამოტყორცნა, ძლიერი ხმოვანი ეფექტი და ჰაერის მძლავრი ტალღაა.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი), არააღმასრულებელი დირექტორი – გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი – ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი – ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში – ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი – ჯამბულ ჯაყელი.

ვრცლად, მომხდარის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი