იატაკი, რომელსაც გერგეთის სამებაში ცვლიან, 2003 წელს დაიგო – სააგენტო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ გერგეთის სამებაში იატაკის შეცვლის სამუშაოები სრულად არის შეთანხმებული სააგენტოსთან. ასევე განხორციელდა შუალედური მონიტორინგი, რომელიც ამბობს, რომ სამუშაოების შედეგად არქეოლოგიური შრეები არ დაზიანებულა.

გერგეთის სამებაში მიმდინარე სარემონტო სამუშაობის შესახებ ცნობები “ფეისბუქით” გავრცელდა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ქვის იატაკის დემონტაჟისა და მისი ახალი ქვით მოწყობის სამუშაოების საფუძველი საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის თავმჯდომარის მიმართვა გახდა. მან სააგენტოს 2018 წლის მარტში მიმართა. აღნიშნული მიმართვის მიხედვით, რთული გეოგრაფიული მდებარეობისა და მკაცრი კლიმატური პირობების გამო დადგა აუცილებლობა, გერგეთის სამების სამონასტრო კომპლექსში იატაკქვეშა სისტემა მოწყობილიყო, რათა გაადვილებულიყო სამონასტრო ცხოვრება.

სააგენტოში საპროექტო დოკუმენტაცია შეიმუშავეს, ასევე გაიწერა კალენდარული გეგმა, სამუშაოები 25 ივნისისთვის უნდა დასრულდეს. საპროექტო სამუშაო ჯგუფს აქვს ვალდებულება, რომ წარმოადგინოს შუალედური ანგარიშები, სააგენტო ასევე შუალედურ მონიტორინგს აწარმოებს და ასეთი მონიტორინგი უკვე განხორციელებულია. ანგარიშის მიხედვით დადგინდა, რომ ძველი იატაკის მოხსნისას არქეოლოგიური შრეები არ დაზიანებულა. ახალი იატაკი კი იმავე ნიშნულზე იქნება დაგებული, რაზეც ძველი იატაკი იყო.

სააგენტოს ცნობით, იატაკი, რომლის გამოცვლაც მიმდინარეობს, 2003 წელს დააგეს. ის ბუნევრივი ქვის მასალით, ბოდბის ქვით იცვლება. პროექტის ავტორია პაატა ნუცუბიძე, რომელსაც სააგენტოს ცნობითვე, ეკუთვნის 2003 წელს დაგებული იატაკის პროექტიც:

“რაც შეეხება გათბობის სისტემას, ის დამონტაჟდება ტაძრის სადიაკვნოში და აბსოლუტურად უხილავი იქნება როგორც დამთვალიერებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის, მომლოცველებისთვის და პილიგრიმებისთვის. ამ სამუშაობის შედეგად არც ტაძრის არქიტექტურა და არც მისი ინტერიერი აბსოლუტურად არ ირღვევა, მის იერსახეში არ ხდება უხეში ჩარევა”,- აცხადებენ სააგენტოში.

გერგეთის სამებაში იატაკის შეცვლის პროექტი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com