ახალი ამბები

სოლიდარობა და დაგროვება – სოციალ–დემოკრატების საპენსიო კანონპროექტი

4 ივლისი, 2018 • 2453
სოლიდარობა და დაგროვება – სოციალ–დემოკრატების საპენსიო კანონპროექტი

“სოციალ–დემოკრატებმა”კანონპროექტი მოამზადეს, რომლის მიხედვითაც, მოქალაქე პენსიას მიიღებს სამი კრიტერიუმის მიხედვით: საბაზისო პენსია, თაობათა სოლიდარობის სქემა და დაგროვებითი პენსია.

“სოციალ–დემოკრატები” აცხადებენ, რომ კანონპროექტს პარლამენტში დაარეგისტრირებენ. აქამდე მათ თავიანთი კანონპროექტი მთავრობის საპენსიო კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიად ჰქონდათ დარეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ პროექტზე ცალკე არ გაიმართებოდა საკომიტეტო განხილვები და პირდაპირ პლენარულ სხდომაზე გავიდოდა კენჭისყრისთვს.

დაგროვებითი პენსიის სქემის დროს მოქალაქეს მასში ჩართვის შემდეგ შეაქვს თავისი დაუბეგრავი ხელფასის მინიმუმ 2%. პენსიაზე გასვლის შემდეგ კი დაგროვილი თანხა ნაწილდება. ეს თანხა ამოწურვადია, რადგან სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით გამოითვლება – საპენსიო ასაკიდან სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამდე დარჩენილი თვეების მიხედვით.

რაც შეეხება თაობათა სოლიდარობის სქემას, სოციალ-დემოკრატების გეგმის მიხედვით, ის ამოუწურვადი რესურსია, რადგან თაობათა სოლიდარობის სქემაში ფული შეაქვს მოქმედ დამსაქმებელს და სახელმწიფოს, დასაქმებულის ხელფასის 2-2%-ის ოდენობით. სოციალ-დემოკრატები განმარტავენ, რომ სოლიდარობის სქემაში დაგროვილი თანხის საშუალებით დასაქმებულები აფინანსებენ პენსიონრებს.

სოლიდარობის სქემიდან ყოველთვიური პენსიის ოდენობა გამოითვლება სპეციალური ფორმულით: საშუალო ხელფასი გამრავლებულია სქემაში ჩართვის წლებსა და საპენსიო სარგებლის საშუალო ჩანაცვლების მაჩვენებელზე, შემდეგ კი ყოფენ ასზე.

არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საპენსიო სარგებლის საშუალო ჩანაცვლების კოეფიციენტად აღებულია 27%, რომელიც შენატანების მაქსიმალურ პერიოდთან, 45 წელთან შეფარდებით 0.6–ს იძლევა. შესაბამისად, საპენსიო სარგებლის საშუალო ჩანაცვლების კოეფიციენტი არის 0.6.

თუმცა საშუალო ჩანაცვლების კოეფიციენტი ყველსთვის ერთნაირი არაა. იმ დასაქმებულებისთვის, რომლებსაც საშუალოზე დაბალი ხელფასი აქვთ, საპენსიო დაგროვების კოეფიციენტი უფრო მაღალი იქნება.

ვისაც 500 ლარი ან უფრო დაბალი ხელფასი აქვს, დაგროვების კოეფიციენტი იქნება 0.8. ვისაც, 600–800 ლარამდე აქვს ხელფასი – 0.7. ვისი ხელფასიც 800 ლარიდან საშუალო ხელფასამდეა – 0.65.

მაგალითად, თუ პირს 500 ლარი ჰქონდა საშუალო ხელფასი და 2 წელი იყო ჩართული საპენსიო სქემაში, მისი პენსია გამოითვლება ფორმულით: 500X2X0.8/100.

კანონპროექტის თანახმად, მთავარი განსხვავება სოციალ-დემოკრატების ვარიანტსა და მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს შორის ისაა, რომ თუ  მთავრობის ვარიანტში შეიძლება დაგროვებითი სქემიდან მიღებული შემოსავალი ამოიწუროს, თუკი პენსიონერი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე მეტხანს იცოცხლებს, თაობათა სოლიდარობის სქემის დახმარებით, დანამატი საბაზისო პენსიაზე სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება.

ამ სქემებში მონაწილეობა ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულოა. ხოლო თვითდასაქმებულებს აქვთ უფლება, რომ სქემებში მონაწილეობა არ მიიღონ.

საპენსიო რეფორმის მიხედვით, ვისაც ახალ საპენსიო სქემებში მონაწილეობა არ შეუძლია, საბაზისო პენსიას განსხვავებული წესით მიიღებს. ყოველწლიურად მათი საბაზისო პენსია გაიზრდება შემდეგნაირად – ინფლაციით მიღებული თანხის რაოდენობას დამატებული ამ თანხის 3%. 2026 წლის შემდეგ კი, ინფლაციას + 1%.

მოქალაქეებს, რომლებიც ახალი სვეტებიდან იღებენ დამატებით სარგებელს, საბაზისო პენსია გაეზრდებათ შემდეგი წესით –  ინფლაციით მიღებულ თანხის რაოდენობას დამატებული ამ თანხის 1%.

კანონპროექტის მიხედვით, დაგროვებულ თანხებს საპენსიო სააგენტო განკარგავს, მას დირექტორი მართავს. სააგენტოს ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც მინისტრებისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებისგან კომპლექტდება, სააგენტოს მუშაობას საბჭო უწევს მეთვალყურეობას, თუმცა საპენსიო ფონდებთან შეხება არ აქვს.

საპენსიო აქტივებს განაგებს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი. იგი ეწევა ინვესტირებას, წარადგენს საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურის ორგანიზაციულ სტრუქტურას ამუშავებს საპენსიო სააგენტოს დირექტორთან შეთანხმებით.

საინვესტიციო საბჭო, რომელიც საპენსიო სააგენტოსთან მოქმედებს, ქმნის ინვესტირების დოკუმენტს, ეწევა საპენსიო აქტივების ინვესტირების მონიტორინგს, ირჩევს დეპოზიტორებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს. საინვესტიციო საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკი არეგულირებს, ადგენს მეთოდოლოგიას, როგორ უნდა გამოითვალონ საპენსიო აქტივების ღირებულება. საბჭოს 5 წევრი ჰყავს. მათ 5 წლის ვადით ირჩევენ.

სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოში შედიან ჯანდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სოციალური პარტნიორები (დამსაქმებელთა და დასაქმებულთა წარმომადგენლები), დარგის დამოუკიდებელი ექსპერტები.

რაც შეეხება რისკებს, კანონპროექტის თანახმად, თავად მოქალაქე განსაზღვრავს, სად დააბანდოს  მისი საპენსიო აქტივები- დაბალრიასკიან, საშუალორისკიან თუ მაღალრისკიან პორტფელში.

კანონპროექტის მიხედვით, ინვესტირების პრინციპია ამონაგების გაზრდა, ინვესტირების დივერსიფიცირება, აქტივების უსაფრთხოება გრძელვადიანი ინვესტირების პირობებში. საინვესტიციო ჰორიზონტს განსაზღვრავს საინვესტიციო საბჭო.

კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო აქტივებზე არ ვრცელდება აღსრულების მექანიზმები, მასზე არ იმოქმედებს რაიმე სახის ანგარიშსწორების პროცესი. საპენსიო ანგარიშების ღირებულება წელიწადში ერთხელ გამოითვლება და ინფორმაციას მიაწვდიან სქემის მონაწილეს. სპეციალურ დეპოზიტორს დააკისრებენ საპენსიო აქტივების შენახვის ვალდებულებას და მას საინვესტიციო საბჭო შეარჩევს.

საპენსიო ფონდში არსებული აქტივების არანაკლებ 70% ტენდერის საფუძველზე სამართავად გადაეცემა კერძო საინვესტიციო ფონდებს.  საპენსიო სარგებლის გაცემისთვის არანაკლებ 20% დაბანდდება ფასიან ქაღალდებში, საპარტნირო ფონდში, ან სხვა ადგილობრივი წარმოების ხელშემწყობ სახელმწიფო ინსტიტუტებში.

თუ მოქალაქე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წავა, უნდა წარადგინოს მუდმივი ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი და გაიტანოს თანხის შესაბამისი ღირებულება მთლიანად ან პროგრამულად. ამ შემთხვევაში თანხა დაიბეგრება. თუმცა შეიძლება არ გაიტანოს და საპენსიო ასაკის დადგომის პენსია მიიღოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი