ახალი ამბები

საშაურმეებში ვირის ხორცი არ აღმოჩნდა – რა ვერსიაზე მუშაობს შსს

21 იანვარი, 2014 • • 1974
საშაურმეებში ვირის ხორცი არ აღმოჩნდა – რა ვერსიაზე მუშაობს შსს

“ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, თუმცა ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ვირებისა და ცხენების დაკვლას კონკრეტული პირი ზოოპარკისთვის აწარმოებდა. ის არის ზოოპარკის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული. იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, საქმე აღიძვრება,” – განუცხადეს “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

 

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზოოპარკი მართლაც მარაგდება სახედრისა და ცხენის ხორცით, თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძეც ადასტურებს. მისი განმარტებით, ყოველწლიურ ტენდერებში, რომელსაც ზოოპარკი აცხადებს, სახედრისა და ცხენის ხორციც მოითხოვება, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, რომელზეც ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ რუსთავი 2-მა გაავრცელა, რომ კუმისის ჭალებში დახოცილი ცხოველის ხორცით თბილისის საკვები ობიექტები მარაგდებოდა, ინფორმაციას არ ფლობს. 

 

იმის მიუხედავად, რომ სახედრისა და ცხენის ხორცის მოხვედრა თბილისის საშაურმეებსა და სწრაფი კვების ობიექტებში ამ ეტაპზე არც ერთი ოფიციალური უწყების მიერ არ დასტურდება, თბილისის საშაურმეების მომხმარებელთა რიცხვი შემცირდა. 

 

მარჯანიშვილის მეტროსთან მდებარე საშაურმის თანამშრომელი ამბობს, რომ ტელევიზიით გასული სიუჟეტის შემდეგ მყიდველის რაოდენობა შემცირდა. 

 

 

“შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ თითქმის განახევრდა მყიდველების რაოდენობა. ამ დროს [13:00 საათი] აქ, წესით, რიგი უნდა იყოს, ახლა მხოლოდ ერთი-ორი კაცი დგას. იმხელა ზიანი მოგვაყენეს ამ სიუჟეტით, ვერ აგიწერთ. როგორ შეიძლებოდა ასე ცალსახად ამის თქმა? თუ რომელიმე კონკრეტულ საშაურმეში რამეს აღმოაჩენენ, ის დაასახელონ, დანარჩენებმა რა დავაშავეთ? ჩვენი საშაურმე წლებია არსებობს და პერიოდულად გვამოწმებენ. ყოველთვის მოულოდნელად მოდის მონიტორინგის ჯგუფი, და არ ყოფილა ჯერ ერთი შემთხვევაც, რომ უხარისხო ხორცი აღმოეჩინათ ჩვენთან,”- ამბობს საშაურმის თანამშრომელი. 

 

მყიდველების მოზიდვის მიზნით 1+1=3 აქცია წამოიწყო ერთ-ერთმა საშაურმემ. საშაურმის ფეისბუქის გვერდზე მომხმარებლები კითხულობენ, რა გარანტიები აქვთ, რომ საფრთხე არ დაემუქრებათ. 

 

 

 

მყიდველების რაოდენობის შემცირებას არ უჩივის “გლდანის შაურმის” მენეჯერი. ნეტგაზეთთან სატელეფონო საუბარში ის ამბობს, რომ მომხმარებლის ნდობა მისი საშაურმის მიმართ იმდენად დიდია, რომ ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, არ შექმნიათ პრობლემა. მისივე თქმით, “გლდანის შაურმა” არა ადგილობრივი წარმოების, არამედ კანადიდან იმპორტირებული ხორცით მარაგდება.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის საშაურმეები და კვების სხვა ობიექტები, შესაძლოა, ვირის ხორცით მარაგდებოდეს, რამდენიმე დღის წინ რუსთავი 2-ზე გასული სიუჟეტით გავრცელდა. კუმისის ჭალებში აღმოჩენილი დახოცილი ვირების ნაშთების ჩვენებისას, მონადირემ გამოთქვა ეჭვი, რომ ამ ხორცით საშაურმეები და კვების ობიექტები მარაგდება, რის შემდეგაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტების არაგეგმიური შემოწმებები დაიწყო. სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით, დარღვევა არც ერთ შემოწმებულ ობიექტზე არ დაფიქსირებულა. 

 

“შაურმის მწარმოებელი რომ ვიყო, რეპუტაციის შელახვის გამო, შესაძლოა, მეჩივლა. არის კომპანიები, ვინც მაღალხარისხიან და ჯანსაღ პროდუქტს აწარმოებს. ის, რომ ვირის ხორცი საშაურმეებში ხვდებოდა, ძალიან არაპროფესიონალური და დილეტანტური ნათქვამია. ამის დადასტურებას სპეციალური კვლევა სჭირდება. არსებობს ქვეყანაში ფორმა 2, რომელსაც სასაკლაოებზე გასცემენ, სადაც ხორცი ვეტერინარის ზედამხედველობას გადის,”- ამბობს მადონა კოიძე, საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი. 

 

მისივე თქმით, ვირის ხორცი ჯანმრთელობისთვის საშიშ პროდუქტს არ წარმოადგენს, თუმცა, როდესაც ის ამა თუ იმ საზოგადოების კულტურისთვის მიუღებელია, მისი გამოყენება მიუღებელი ხდება. 

 

“საშიში და მავნებელი არ არის, უბრალოდ, ჩვენს კულტურაში არ არის, არ ვჭამთ ჩვენ ვირის ხორცს. მიუღებელი და დისკომფორტის შემქმნელია, როდესაც საქონლის ხორცის ნაცვლად, ვირის ხორცს მომაწვდიან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი