ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველომ რუსეთს ტატუნაშვილის სხეულის ორგანოების დაუყოვნებლივ გადმოცემისკენ მოუწოდა

21 ივნისი, 2018 • 1982
საქართველომ რუსეთს  ტატუნაშვილის  სხეულის ორგანოების დაუყოვნებლივ გადმოცემისკენ მოუწოდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჟენევის მოლაპარაკებების დროს საქართველოს წარმომადგენლებმა რუსეთს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ გადმოსცეს საქართველოს არჩილ ტატუნაშვილის სხეულის შინაგანი ორგანოები, რათა შესაძლებელი გახდეს ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარება.

საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც 2018 წლის თებერვალში დააკავეს და მოკლეს ცხინვალში, კვლავ იყო ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა.

“საქართველოს წარმომადგენლებმა თანათავმჯდომარეებსა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მონაწილეებს გადასცეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შუალედური დასკვნა, რომელიც ნათლად წარმოაჩენს არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის ფაქტს. მიაწოდეს ინფორმაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის .. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების, დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის მიმართ არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის საქართველოს პროკურატურის მიერ ბრალის დაუსწრებლად წარდგენის შესახებ”, – ნათქვამია საგარეო უწყების 21 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში. 

მონაწილეებმა საქართველოდან ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში კიდევ ერთხელ დაგმეს ცხედრის დაგვიანებით, შინაგანი ორგანოების გარეშე, გადმოცემა. მათ რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს ორგანოების დაუყოვნებლივ გადმოცემისაკენ, რათა შესაძლებელი გახდეს ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარება.

“საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას და მოუწოდეს, ხელი არ შეუშალოს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას. აღინიშნა, რომ ეთნიკური ქართველების სიცოცხლის ხელყოფა უკვე იქცა შემაშფოთებელ ტენდენციად, რისი დასტურიცაა გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მხრიდან. თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა აშშ-იდან და საქართველოდან ხაზი გაუსვეს აღნიშნულ საქმეებზე დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობას. წამოჭრილ საკითხებზე რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ვერ გასცეს არგუმენტირებული პასუხები”, -იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

დღესვე, 21 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ცხინვალმა  ტატინაშვილის საქმე დახურა.

“ტატუნაშვილი გულის იშემიური დაავადების შედეგად გულის მწვავე უკმარისობით დაიღუპა, რაც აჩვენა როგორც წინასწარმა ექსპერტიზამ, ასევე დამოუკიდებელმა რუსულმა ექსპერტიზამაც. საქმე დახურულია სამხრეთ ოსეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების განცხადებაში.


საქართველოს პროკურატურის ცნობით, 2018 წლის 22 თებერვალს ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მოგვიანებით არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი