ახალი ამბები

ტრამპი არალეგალ მიგრანტთა ოჯახების განცალკევების შესაჩერებლად ბრძანებას გასცემს

20 ივნისი, 2018 • 2275
ტრამპი არალეგალ მიგრანტთა ოჯახების განცალკევების შესაჩერებლად ბრძანებას გასცემს

არალეგალ მიგრანტთა მიმართ “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკის შემდეგ, რომელსაც აშშ-ის მოქალაქეების და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ მიგრანტთა ოჯახების განცალკევების შესაჩერებლად ბრძანებას გასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ “გარდიანი” ავრცელებს.

მოქმედი პრაქტიკის მიხედვით, აშშ-ის სამხრეთ საზღვართან მიგრანტ ბავშვებს, მათ შორის 18 თვის ასაკისანებს, მშობლებისგან განცალკევებულად ამყოფებდნენ.

უცხოურ მედიაში კადრებიც გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ითხოვენ ატირებული ბავშვები მშობლების ნახვას:

“ჩვენ ვაპირებთ, მალე ბრძანება გავცეთ და ოჯახები ერთად განვათავსოთ. თუმცა სიმკაცრე უნდა შევინარჩუნოთ, თორემ ჩვენს ქვეყანას დაიპყრობს ხალხი, კრიმინალი და ყველაფერი, რისი ატანაც არ გვსურს” – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპი რამდენიმე კვირის განმავლობაში უარს აცხადებდა საკუთრი ადმინისტრაციის “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკის შეწყვეტაზე. ამ მიდგომის შედეგად, აშშ-ის საზღვარზე 2 300-ზე მეტი ბავშვი მშობლებისგან განაცალკევეს.

ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის მიხედვით, სისხლის სამართლებრივი დევნა იწყება ყველა მიგრანტზე, რომელიც აშშ-ის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთს, თუნდაც ისინი თავშესაფრის მაძიებლები იყვნენ. ვინაიდან ბავშვების განთავსება ფედერალურ ციხეში არ შეიძლება, მათ მშობლებისგან აცალკევებენ და დროებით საცხოვრებელ ცენტრში უწევთ ყოფნა.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მშობლებისგან განცალკევებულ ასობით ბავშვს ცხოვრება გისოსებში უწევს და ბეტონის იატაკზე სძინავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი