ახალი ამბები

კილაძის თქმით, ივანიშვილის დაპირება გასაოცარ დემოკრატიაზე შესრულდა

20 ივნისი, 2018 • 2017
კილაძის თქმით, ივანიშვილის დაპირება გასაოცარ დემოკრატიაზე შესრულდა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” სოფიო კილაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაპირება გასაოცარ დემოკრატიასთან დაკავშირებით შესრულდა:

“ის, რაც თქვა ჩვენი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ჩვენ გასაოცარ დემოკრატიას დავამყარებთო, ეს მართლაც ასეა. ეს არ არის, ბატონებო და ქალბატონებო, საქილიკო, რადგან ჩვენს ქვეყანაში მართლაც არის დემოკრატია იმ დონეზე, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ეს თამამად და ღირსეულად ვამტკიცოთ. ჩვენ ბევრი მაჩვენებლით ვართ ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის. ერთ-ერთი ძალიან კარგი მაგალითი ამის არის სწორედ სტრასბურგის სასამართლო, კერძოდ ის ფაქტი, რომ საქართველოდან ძალიან შემცირდა სტრასბურგის სასამარტლოში სარჩელების რიცხვი და ევროსაბჭოს 47 ქვეყნიდან ვართ მე-12 წარდგენილი სარჩელების სიმცირით.

ეს ძალიან დიდი მიღწევაა და პირველი ინდიკატორი, რომ ჩვენთან ადამიანის უფლებების დაცვა თვისობრივად მაღალ საფეხურზე არის და აქ ნამდვილად არ გვაქვს ჩვენ არაფერი სასაყვედურო. ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უფრო წინ წავიდეთ, მაგრამ იმ მძიმე მემკვიდრეობიდან, რაც გვერგო, ნამდვილად მისაბაძია სისწრაფე იმ რეფორმების, რაც ჩვენ გავატარეთ სწორედ დემოკრატიის კუთხით” – ამბობს კილაძე.

მისი თქმით, ამ დაპირების შესრულებაზე მეტყველებს ისაც, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა:

“ჩვენთან, როდესაც დაისვა პრობლემური საკითხი სარალიძის თემასთან დაკავშირებით და საზოგადოების დიდმა ნაწილმა გამოთქვა უკმაყოფილება მიმდინარე გმაოძიებასთან დაკავშირებით, მყისიერად შევქმენით პარლამენტში საგამოძიებო კომისია, რაც არის უპრეცედენტო იმისთვის, რომ ჩვენ ეს პროცესი გამჭვირვალედ ვაწარმოოთ  და საზოგადოებას არ დარჩეს კითხვის ნიშნები არცერთი მიმართულებით. რა არის ეს, თუ არა დემოკრატიის გამოვლინება და სამართლებრივი სახელმწიფოს გამოვლინება. ჩვენთან ტარდება სამართლიანი არჩევნები და ჩვენ არ ვართმევთ ადამიანებს არჩევანის თავისუფლებას. ჩვენთან პოლიცია დემონსტრანტების მიმართ იქცევა ისე, რომ თითოეული მათგანის გამოხატვის თავისუფლებას იცავს მშვიდობიანად, ყოველგვარი ძალის გადამეტების გარეშე” – ამბობს სოფიო კილაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი