ახალი ამბები

მერიამ დიზელზე მომუშავე 90 ავტობუსის შესაძენად კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა

20 ივნისი, 2018 • 2738
მერიამ დიზელზე მომუშავე 90 ავტობუსის შესაძენად კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა

თბილისის მერიის სატრანპსპორტო სამსახური 90 მუნიციპალურ ავტობუსს ყიდულობს, რომლებიც დიზელის ძრავაზე იმუშავებენ. შესასყიდად ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

სატენდერო პირობების მიხედვით, ავტობუსების შესაძენად 45 მილიონი ლარია გამოცხადებული. ტენდერი 25 ივნისს გამოცხადდა. კონკურსში მხოლოდ ერთი კომპანია “თეგეტა თრაქ ენდ ბას” მონაწილეობს.

ტენდერი 100 ახალი ავტობუსის შესაძენად მერიამ მაისშიც გამოაცხადა, თუმცა მასში არცერთ კომპანიას მონაწილეობა არ მიუღია, რის გამოც ტენდერი ჩაიშალა. მერიის განმარტებით, მიმდინარე ტენდერი წინა ტენდერის ჩაშლის გამო ტარდება.

სატენდერო პირობების მიხედვით, ავტობუსები დიზელის ძრავზე უნდა მუშაობდეს და “ევრო 6” სტანდარტს აკმაყოფილებდეს. ამ სტანდარტის მიხედვით, ძრავი ნაკლები გამონაბოლქვით ნაკლებად აზიანებს გარემოს.

ავტობუსს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 23 დასაჯდომი ადგილი და ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ეტლით მოსარგებლეებისთვის.

ავტობუსები უნდა იყოს ერთი და იმავე მარკის და 2018 წელს გამოშვებული. ამ პროექტის შესახებ თბილისის მერმა 2018 წლის თებერვალში განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ავტობუსებისთვის განკუთვნილი 45 მილიონი ლარი თბილისის 2018 წლის ბიუჯეტიდან დაიხარჯებოდა.

“ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ, შევუქმნათ ყველანაირი პირობები, რომ მგზავრობა იყოს კომფორტული და ნაწილობრივ შემსუბუქდეს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა“, – თქვა კახა კალაძემ.

თბილისის მერია გეგმავს, რომ 4 წლის მანძილზე 700 ახალი ავტობუსი შემოიყვანოს ქალაქში. თბილისის მერიამ სატრანსპორტო სტრატეგიის შემუშავება კომპანია “სისტრას” დაუკვეთა.

თბილისში არსებულ 101 მარშრუტს დაახლოებით 530 ავტობუსი ემსახურება. თბილისის მერია უახლოესი 4 წლის განმავლობაში 700 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს, მათგან 100 ავტობუსი 2018 წლის ბოლომდე შეემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი