ახალი ამბები

პარლამენტმა მამუკა ბახტაძის მთავრობის “დროებით” შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

20 ივნისი, 2018 • 2041
პარლამენტმა მამუკა ბახტაძის მთავრობის “დროებით” შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას 99 ხმით 6-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

მინისტრთა განახლებულ კაბინეტში 3 მინისტრი იცვლება.  ახალ კაბინეტში არ არიან მიხეილ ჯანელიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დავით ზალკანიანი დაიკავებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი იქნება, ხოლო ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლოზ გაგუა დამტკიცდა. სამივე მათგანი ამავე უწყებებში მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება მცირე ზომის მთავრობა და ამ მიზნის მისაღწევად შესაძლოა გარკვეული უწყებები გაერთიანდეს. ბახტაძეს ჯერ არ დაუსახელებია, კონკრეტულად რომელი სამინისტროების გაერთიანებას გეგმავს.

18 ივნისს გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ სამინისტროების გაერთიანებას ესაჭიროება საკანონმდებლო ცვლილებები, რასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება. მანამდე კი ის პარლამენტს წარუდგენს მთავრობის ძველ შემადგენლობას, რომელსაც საკანონმდებლო ორგანომ ნდობა უნდა გამოუცხადოს. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ კი, 2-3 კვირაში ბახტაძე პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს, სადაც, შესაძლოა, იყვნენ ახალი სახეები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი