ახალი ამბები

რატომ ტოვებენ სკოლას ბოშა გოგოები (ვიდეო)

20 ივნისი, 2018 • 2687
რატომ ტოვებენ სკოლას ბოშა გოგოები (ვიდეო)

ნინა მელემედოვა ერთ-ერთია ბოშა გოგოებს შორის, რომელიც სკოლაში აღარ დადის. მისი თანაკლასელები ახლა მეცხრე კლასს ასრულებენ. ნინა სკოლაში იშვიათად ჩნდება. ეს მაშინ ხდება, როცა უბანში ვინმე ჩამოივლის და იტყვის, სკოლის უკან, სტადიონზე, ფეხბურთის თამაში იქნებაო. ნინა მეორე წელია ფეხბურთს თამაშობს. ნინას სკოლაზე საუბარი უჭირს. სახლში მისულებს გვითხრა, სკოლაში მოვალ და იქ დავილაპარაკოთო.

ქვეყნის მასშტაბით ბოშები სკოლაში ყველაზე აქტიურად ქობულეთში დადიან. ქობულეთის მეხუთე საჯარო სკოლაში 75 ბოშა მოსწავლეა. ტენდენცია საერთოა – ბოშა გოგონები მე-6, მე-7 კლასიდან სკოლას თავს ანებებენ. ამ დრომდე არცერთ ბოშა გოგოს სკოლა არ დაუსრულებია. ოფიციალური მიზეზი სოციალური მდგომარეობაა, ან თავად მოსწავლეების განაცხადი, რომ მათ სწავლა აღარ სურთ.

ბოშათა თემის აქტიური მხარდამჭერი, ქობულეთის მე-5 სკოლის დირექტორი, ნარგიზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ რეალური მიზეზი სხვაა – მცირეწლოვანი და-ძმები, რომლებსაც სავაჭროდ წასული მშობლები მოზარდ გოგონებს უტოვებენ.

ნინა: სკოლაში ისევ ვივლი, ადვოკატი გავხდები

სკოლის უკან სტადიონი გაკეთდა. ერთხელ, ვიდექი და ვუყურებდი თამაშს. მასწავლებელმა მითხრა, გინდა, იარო ფეხბურთშიო? კი-მეთქი. ჰოდა, დავიწყე სიარული. გოგოების გუნდში ვარ. ლანჩხუთში გვქონდა ამას წინათ თამაში, მოვიგეთ. თასი გადმოგვცეს, სკოლაში ინახება ახლა ის თასი. იქ, დირექტორის კაბნინეტშია, – გვიყვება ნინა და დროდადრო საკლასო ოთახის ფანჯრიდან ფეხბურთის სტადიონისკენ იხედება. ნინას ვეკითხები, რატომ აღარ დადის სკოლაში. მცირე პაუზის შემდეგ მპასუხობს, თვალი ამტკივდა და მაგის გამო ვეღარ ვიარეო.

„დედა, მამა, სულ მეუბნებიან, მიდი, იარე სკოლაში, რატო გეზარება. აბა, რა გინდა, ჩვენსავით „სუნკაგადაკიდებულმა“ იაროო?… არიან სხვები, ვინც ამბობს, რომ გოგოს არ უნდა ამდენი სწავლა, რომ სკოლა უფრო ქართველებისაა, ბიჭებისთვისაა, ჩემი მშობლები ასე არ ფიქრობენ. ახლა უკვე კარგად ვარ, მაგრამ წლის ბოლოა და აღარ მოვედი. სწავლა მომწონს. კარგია ქართული, ინგლისური, ბუნება. ეს საგნები მიყვარს განსაკუთრებით. მომავალი წლიდან ისევ ვივლი, მე ადვოკატი გავხდები,“ – მოკლედ ასრულებს ნინა და მზერით მაგრძნობინებს, ამ თემაზე ლაპარაკი აღარ მინდაო.

ნინას სხვა გოგოებზე ვეკითხები, ვინც ასევე შეწყვიტა სწავლა. ნინა ამბობს, რომ სწავლის შეწყვეტის მიზეზი ყველგან ერთი და იგივეა – ისინი მომვლელები ხდებიან ოჯახში.

„საქმე აქვთ სახლში და იმიტომ ვეღარ დადიან, ბავშვებს უნდა მიხედონ, მისალაგებელია. მშობლები დილით მიდიან, საღამოს – მოდიან. სულ ასეა. ჩემი დაც ვეღარ დადის სკოლაში, ის ბებიასთან ცხოვრობს და ისიც ბავშვებს უვლის. ჩემმა დამ ქართულიც იცის, ინგლისურიც, აზერბაიჯანულიც, მაგრამ ამბობს, სკოლაში სიარული აღარ მინდა, წერა-კითხვა ვიციო, რას გაიგებ?“ – კითხულობს ნინა.

 

მე მხოლოდ პირველი კლასი დავასრულე“

სკოლის მიღმა არაერთი ბოშა გოგოა დარჩენილი. ქობულეთის ბოშათა დასახლებაში რთული არაა იპოვო გოგო, რომელიც გეტყვის, რომ მას სკოლაში სიარული უნდოდა…

ლილი ალიმოვი 15 წლისაა. მან მხოლოდ სკოლის პირველი კლასი დაასრულა. შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და-ძმა ჩააბარეს მოსავლელად. ლილის ახლა თავისი ძმის – ჯუმბერის იმედი აქვს, რომელიც სკოლას წარმატებით ასრულებს. და-ძმა შეთანხმებულა – ზაფხულში ოჯახს ჯუმბერი მიხედავს, ლილი კი სკოლაში ივლის და წერა-კითხვას ისწავლის.

საუბარია სპეციალურ პროექტებზე, რომელიც ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლაში ბოშა ბავშვების სოციალიზაციისთვის ხორციელდება და ზაფხულშიც მოქმედებს. პროექტი მოიცავს თეატრის, ცეკვის, ლიტერატურის კლუბებში ქართველი და ბოშა მოზარდების  ჩართვას.

„ეჰ, კარგი იყო სწავლა, მე მხოლოდ ერთი წელი დავდიოდი იქ,“ – მიყვება ლილი, სახლის აივანზე დგას და სკოლისკენ მიმავალ გზას უყურებს. მერე რაღაცას ბოშურად ამბობს და ჯუმბერს ანიშნებს, უთარგმნეო.

ჯუმბერი: „ამბობს, რომ ეს მისთვის უბედნიერესი დღეები იყო“.

ლილი: „მერე დეიდას დასჭირდა დახმარება, თბილისში წამიყვანა და იქ ვიყავი. 4 წლის წინ ისევ ქობულეთში დავბრუნდი და სახლში ვარ. სწავლა მინდოდა, მაგრამ ბავშვები ვისთვის დამეტოვებია? დედაჩემი სულ ვაჭრობს. მე არ მინდა ასე ვიყო. მეც მინდა მარიშკასავით ტექნიკუმში ვისწავლო და სადმე ვიმუშაო“.

მარიშკა ასლანოვა ლილის მეზობელია. მან ცხრა კლასი დაასრულა და ახლა პროფესიულ სასწავლებელში სტილისტობის შესწავლას აპირებს.

„ჩემი სურვილით შევწყვიტე სწავლა. მინდა, რომ სილამაზის სალონში ვიმუშაო, ჩემი ფული მექნება,“ – ამბობს მარიშკა.

ბოშათა დასახლებაში მცხოვრები გოგოები არ ამბობენ, რომ მათ სწავლის შეწყვეტა ვინმემ აიძულა. ისინი გეტყვიან, რომ ეს მათი სურვილი იყო, ან „საქმეს სჭირდებოდა ასე“.

ჯუმბერი: საბავშვო ბაღის მიმართაც უნდა გაჩნდეს ნდობა, როგორც ეს სკოლაში მოხდა

„საბავშვო ბაღი გაიხსნა, მაგრამ არ ენდობიან. საბავშვო ბაღის მიმართაც უნდა გაჩნდეს ნდობა, როგორც ეს სკოლაში მოხდა,“ – გვიყვება ჯუმბერ ალიმოვი, როცა ის დასახლებიდან სკოლისკენ გამოგვყვა.

ჯუმბერი თვლის, რომ თუკი ბოშა მშობლები საბავშვო ბაღს მიენდობიან, ესეც შეცვლის პრობლემას, რადგან მოზარდებს აღარ დაუტოვებენ მცირეწლოვან ბავშვებს მოსავლელად.

„წლების წინ არც სკოლას ენდობოდნენ, ახლა ყველას მოსწონს სკოლა. ახლა საბავშვო ბაღი გაიხსნა, ჯერ იქ არ დადის ბევრი, მაგრამ იმედი მაქვს, ივლიან,“ – დაასრულა ჯუმბერმა, ვიდრე სკოლის დირექტორის კაბინეტში შევიდოდით.

ჯუმბერი სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, რის გამოც გოგოები სწავლას წყვეტენ. მისი აზრით, მთავარი გოგოების მოტივაციაა.

„თუკი გოგონები მოინდომებენ სწავლას, მათ ვერ გააჩერებენ სახლში. ადრე ბევრი ფიქრობდა, რომ გოგოს განათლება არ უნდა. ახლა ასე არ ფიქრობენ, იცვლება დამოკიდებულება. მთავარია, ბავშვებს სწავლის ინტერესი გაუჩნდეთ,“ – დარწმუნებულია ჯუმბერ ალიმოვი, რომელიც მალე უმაღლეს სასწავლებელში გამოცდების ჩასაბარებლად მომზადებას დაიწყებს. ის პირველი ბოშა იქნება ქობულეთის დასახლებიდან, ვინც უნივერსიტეტში ისწავლის.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ჯუმბერი ამახვილებს ყურადღებას, ესაა ქართული ენის არცოდნა. ჯუმბერის აზრით, ბოშა მოსწავლეებს ქართული ენის ათვისება უჭირთ და მათ სწავლის მოტივაცია რეალურად ეკარგებათ.

სკოლა: ბოშა გოგონების სწავლის მოტივაცია უნდა ამაღლდეს

ბოშებს ეთანხმება ქობულეთის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი, ნარგიზ ჯინჭარაძე. მისი აზრითაც, თუკი გოგონები სკოლაში სიარულს მოინდომებენ, მშობლების წინააღმდეგობა იარსებებს, მაგრამ ეს მოგვარებადია.

„როცა სწავლას წყვეტენ, მშობლები ხშირად გვეუბნებიან, რომ თვითონ აღარ უნდა გოგოს სკოლაში სიარული. გოგოც ხშირად იგივეს ამბობს. სწავლის შეწყვეტის მიზეზად სახელდება ასევე სოციალური მდგომარეობა, რომ ზამთარში ტანსაცმელი არ აქვთ და ასე შემდეგ, მაგრამ არ მგონია, რომ ესაა რეალური პრობლემა. მთავარი პრობლემა არის ის, რომ მოზარდ გოგონებს ოჯახის მოვლას აბარებენ. პრობლემაა სახელმწიფო ენის ცუდად ფლობა. ბოშებს გამძაფრებული აქვთ ღირსების შეგრძნება. თუ იგრძნეს, რომ ისინი თანატოლებს ჩამორჩებიან, ეს უკვე აღარ მოსწონთ და ნელ-ნელა იწყება გაცდენები, რომ წვიმდა… და შესაბამისი ტანსაცმელი არ ჰქონდა…“ – აღნიშნავს ნარგიზ ჯინჭარაძე.

სკოლის დირექტორს განათლების სამინსიტროს მიერ დაფინანსებული სპეციალური პროექტებისგან აქვს პოზიტიური მოლოდინი. მას მიაჩნია, რომ სოციალური აქტივობის გზით ბოშა ბავშვები უკეთ ისწავლიან ქართულ ენას და სწავლას აღარ შეწყვეტენ.

ნარგიზ ჯინჭარაძე საუბრობს საერთო ტენდენციაზეც. მისი დაკვირვებით, 10 წლის წინ, როცა ამ სკოლაში პირველი ბოშა მოსწავლე გამოჩნდა, ყველას ეგონა, რომ ბოშას საქმე მხოლოდ ვაჭრობა იყო.

„დღეს ეს დამოკიდებულება შეიცვალა. მათ იციან, რომ შეუძლიათ განათლების მიღება, დასაქმება. რამდენიმე ბოშა მშობელი ინგლისურშიც ამზადებს ბავშვს. ცუდია რეპეტიტორობის ინსტიტუტი, მაგრამ ამით ჩანს მშობლის დამოკიდებულება – სურს, რომ მისი შვილი ქართველ თანატოლებს არ ჩამორჩეს და წარმატებული გახდეს,“ – დასძენს ნარგიზი.

სკოლის დირექტორის აზრით, სახელმწიფოს სპეციალური მიდგომა და სოციალური მხარდაჭერის პროგრამები უნდა ჰქონდეს ბოშათა თემისთვის. ბოშების ოჯახების უმრავლესობა მძიმე მდგომარეობაშია და სოციალურ შემწეობას იღებს. ნარგიზ ჯინჭარაძეს არ ავიწყდება არც იმის თქმა, რომ ბოშა ბავშვების დიდ ნაწილს მეცადინეობისთვის სახლში ადგილი საერთოდ არ აქვს.

ქობულეთის მეხუთე სკოლაში  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სწავლების ჯგუფი მოქმედებს, სადაც დაწყებითი კლასში მყოფ ბოშა ბავშვებს ქართულსა და მათემატიკაში დამატებით ამეცადინებენ.

ჯგუფის კოორდინატორი, ქეთი ბერიძე ამბობს, რომ ენის ბარიერი არის მთავარი პრობლემა.

„ბოშა ბავშვები ძალიან ნიჭიერები არიან. უბრალოდ, მათ სჭირდებათ ზედმეტი ახსნა. ცოტა მეტი დრო უნდა დახარჯოს მათზე მასწავლებელმა, რომ კარგად გაიგონ. მათ გამარტივებული პროგრამა აქვთ სტატუსის შემთხვევაში. ვფიქრობ, ინდივიდუალური პროგრამა დაეხმარება მათ, რომ დაეწიონ ჯგუფს.

პრობლემაა ზოგჯერ მშობლის სურვილი. მშობლის სურვილი უნდა იყოს, რომ ამ ჯგუფში დავტოვოთ ბავშვი. ზოგიერთი მშობელი უარს ამბობს ამაზე,“ – გვითხრა ქეთი ბერიძემ.

ქეთი ბერიძე მიიჩნევს, რომ ამ პროცესში სოციალური მუშაკებიც უნდა ჩაერთონ და კოორდინირებული მუშაობით კარგ შედეგს მიიღებენ.

ლუდმილა: გოგოებს თუ სწავლის წყურვილი გაუჩნდათ, ვერ შეაჩერებენ

ასე ფიქრობს ლუდმილა ვლასოვა. ლუდმილა ქობულეთში მცხოვრები ბოშაა. მას შვილები არ ჰყავს. ღიმილით ამბობს, ამიტომაც მიწევს ყველა ბავშვზე ზრუნვაო.

„ძირითადი მიზეზი არის მენტალიტეტი, რომელიც ჯერ არაა ბოლომდე შეცვლილი. ბევრი რამაა დამოკიდებული მშობელზე. თუკი მშობელმა არ მისცა ბიძგი შვილს, დარჩება სიბნელეში. არის სოციალური პრობლემა, რასაც ვერ უმკლავდებიან. მთავარი პრობლემა მაინც წყურვილია, თუკი გოგოებს და ბიჭებს სწავლის წყურვილი გაუჩნდებათ, ვერ შეაჩერებენ. მე მგონია, რომ ადამიანს თუ უნდა, ყველაფერს მიაღწევს ცხოვრებაში. ამიტომ მე, პირველ რიგში, სულ ვეუბნები ბავშვებს, რომ ისწავლონ, იარონ სკოლაში. ვეუბნები, რომ უნდა იყვნენ დამოუკიდებლები და მშობლებს არ უნდა ელოდონ.

ესენი ახლა არ ამბობენ რეალურად, მე გეტყვით: ამ გოგოების უმრავლესობას მოსავლელი ჰყავს და ან ძმა, 5-6 პატარა ბავშვია თითო ოჯახში, მაგრამ დრო შეიცვალა. ახლა მშობლებიც აღარ ამბობენ, რომ გოგომ სკოლაში არ უნდა იაროს. მაგალითად, მარიშკა [ერთ-ერთი ბოშა გოგო, რომელიც კოლეჯში აპირებს სწავლის გაგრძელებას – ავტ.] კარგი გოგოა, მისი დედა, ან მამა არ ამბობს, რომ სკოლა არ უნდა. პირიქით, მის დედა მთელი დღე ვაჭრობს და როცა ვნახე, მითხრა, არ მინდა ჩემმა გოგომაც ჩემსავით „სუნკაგადაკიდებულმა“ იაროსო…“, – ასრულებს ის.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში სულ 604 ბოშა ცხოვრობს, თუმცა ორგანიზაციაში, რომელიც ამ თემზე მუშაობს, ამბობენ, რომ ეს ციფრი არაა ზუსტი და ქვეყანში 2500-მდე ბოშაა.

ეთნიკურობის და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის კოორდინატორი, ელენე პროშიკიანის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომაროებით, საქართველოში არცერთი ბოშა არ სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში.

„უმაღლესში კი არა, სკოლას მხოლოდ ქობულეთის სკოლაში ამთავრებენ ბოშა ბავშვები. საქართველოს სხვა ქალაქებში მეცხრე კლასელი ბოშაც კი არ არსებობს…. სკოლა დამთავრებით ქვემო ქართლში დაასრულეს, მაგრამ უმაღლესში არ გაუგრძელებიათ სწავლა,“ – განმარტავს ელენე პროშიკიანი.

საქართველოში მცხოვრებ ბოშებს შორის რამდენს აქვს უმაღლესი განათლება – 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით ელენე ამბობს, რომ ასეთი სულ ათია.

ბოშათა თემის განათლების პრობლემაზე „ბათუმელები“ გასულ წელსაც წერდა. მაშინ განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ პრიორიტეტი სოციალიზაციის ხელშემწყობი პროექტებია, რაც ახლა უკვე ხორციელდება. გარდა ამისა, სამინისტრო აპირებდა ბოშა მშობლებისთვის ტრენინგის ჩატარებას.

„ტრენინგები არ დაწყებულა. განათლების სამინისტრო ჯერ-ჯერობით არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ საუბრის დროს ელენე პროშიკიანმა.

„ტრენინგის საჭიროების შესახებ არ მოუმართავს ჩვენთვის სკოლას. თუ მოგვმართავს, ამის გაკეთება შესაძლებელია,“ – ამბობს ლელა ცქიტიშვილი, საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი.

ლელა ცქიტიშვილი ორი მიმართულებით ამახვილებს ყურადღებას, რითაც სამინისტრო ბოშა ბავშვების სწავლის შეწყვეტის პრობლემის მოგვარებას ცდილობს. ერთია სპეციალური პედაგოგი სკოლაში, სადაც ბოშა ბავშვები სწავლობენ. მეორეა არაფორმალური განათლების გაძლიერება. განათლების სამინისტროში მიაჩნიათ, რომ სწავლის შეწყვეტის მთავარი მიზეზია სახელმწიფო ენის ცოდნა და ბოშა ბავშვებმა სკოლაში შესვლამდე საბავშვო ბაღში აუცილებლად უნდა იარონ.

„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ბოშა ბავშვებს სწავლის ყველანაირი მოტივაცია ჰქონდეთ. სპეცპედაგოგები უკვე მუშაობენ ბოშა ბავშვებთან, რომ მათი გაძლიერება მოხდეს. ეს პედაგოგები შეიმუშავებენ ინდივიდუალურ გეგმას თითოეული ბავშვისთვის. რაც შეეხება არაფორმალურ განათლებას, სექტემბრიდან ქობულეთში დამატებით ამოქმედდება ხელგარჯილობის პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში ბოშა და ქართველი ბავშვები ერთად დაამზადებენ ბოშათა კულტურისთვის დამახასიათებელ ნივთებს. ეს შეუწყობს ხელს სოციალიზაციას და ენის ბარიერის დაძლევასაც,“ – გვითხრა ლელა ცქიტიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი