ახალი ამბები

გიორგი შენგელაიას თქმით, ივანიშვილის გაკრიტიკების გამო “ქართუ ფონდი” დაფინანსებას უწყვეტს

20 ივნისი, 2018 • 13081
გიორგი შენგელაიას თქმით, ივანიშვილის გაკრიტიკების გამო “ქართუ ფონდი” დაფინანსებას უწყვეტს

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია აცხადებს, რომ “ქართუ ფონდი” ბიძინა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო დაფინანსების შეწყვეტას აპირებს.

რეჟისორი აცხადებს, რომ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ ფონდის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა სატელეფონო საუბრის მეშვეობით დაახლოებით 5 დღის წინ შეატყობინა. გიორგი შენგელაია ელოდება, როდის მიუვა მას ოფიციალური შეტყობინება ამის შესახებ.

“მარტო იმიტომ, რომ მე ვთქვი ბიძინა ივანიშვილზე, რომ უწიგნური კაცია. გაბრაზდა და უთხრა თავის ხელქვეითებს, მიდით ახლა, გაუჩერეთ მაგას ფული, მშიერი მოკალითო”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გიორგი შენგელაიამ.

რეჟისორის თქმით, ფონდის დირექტორმა, ნიკოლოზ ჩხეტიანმა დაურეკა და უთხრა, რომ მედიაში გავრცელებული განცხადების გამო სტიპენდიას უწყვეტდნენ.

“რასაკვირველია, ჩემზე ზეწოლაა. მთელი ჩემი შემოქმედების უპატივცემულობა. მე კი არ მომცეს ეგ სტიპენდია, მე მომცეს ფილმებისთვის. ჩემს ფილმებზე მოთხოვნა მაღალია. სულ ტრიალებს ტელევიზიებში, ხალხს აწყენინა, რაც უყვარს ხალხს, ის აუკრძალა:, – აცხადებს გიორგი შენგელაია.

რეჟისორის თქმით, “ქართუ ფონდი” ერთწლიან ხელშეკრულებებს დებს, რომელიც ყოველწლიურად ახლდება და მასში არ წერია, რომ ფონდს როცა მოესურვება, მაშინ შეწყვეტს დაფინანსებას.

“ნეტგაზეთი” შეეცადა “ქართუ ფონდის” დირექტორს, ნიკოლოზ ჩხეტიანს დაკავშირებოდა, თუმცა, როგორც განგვიცხადეს, იგი საზღვარგარეთ იმყოფება.

გიორგი შენგელაიამ ტელეკომპანია იბერიის გადაცემაში “თავისუფალი სივრცე” ბიძინა ივანიშვილი გააკრიტკიკა და განაცხადა, რომ მას “უმეცრებამ სძლია, ბიძინა არის გაუნათლებელი კაცი, გაიგეთ! “.

2016 წლის 11 მაისს, 79 წლის იუბილეზე გიორგი შენგელაიას ვარკვლავი გაიხსნა კინოთეატრ რუსთაველის წინ, საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით. ვარსკვლავი ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.

ამავე თემაზე გირჩევთ

“ქართუ ფონდში” არ ადასტურებენ, რომ გიორგი შენგელაიას დაფინანსებას უწყვეტენ

მასალების გადაბეჭდვის წესი