ახალი ამბები

TI აუდიტს ბახტაძის მიერ ენმ-სთვის თანხის შეწირვის კანონიერების შესასწავლად მიმართავს

20 ივნისი, 2018 • 16189
TI აუდიტს ბახტაძის მიერ ენმ-სთვის თანხის შეწირვის კანონიერების შესასწავლად მიმართავს

შესწორება: სტატიის თავდაპირველი სათაური იყო “თუ ბახტაძემ ენმ-ს სხვისი თანხა შესწირა, 40 ათასით უნდა დაჯარიმდეს – TI”. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ აუდიტის სამსახურმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მუხლი, რომელიც ჯარიმას ითვალისწინებს, ამნისტირებულია. TI-ში კი განაცხადეს, რომ ამის შესახებ მოგვიანებით დააზუსტეს ინფორმაცია. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” (TI)  უფროსი იურისტი გიგი ჩიხლაძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ 2012 წელს მართლაც სხვისი თანხა შესწირა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ამით მან კანონი დაარღვია. თუმცა ეს სამართალდარღვევა ამ დროისათვის ამნისტირებულია და მას ჯარიმა ვერ დაეკისრება.

იურისტის თქმით, ქართული კანონმდებლობით მესამე პირის მეშვეობით შემოწირულობის განხორციელება იკრძალება. შესაბამისად, თუ მსგავსი დარღვევა დადგინდა, დაჯარიმდება რეალური შემომწირველი და შემოწირულობის განმახორციელებელი შემოწირულობის ორმაგი ოდენობით. ხოლო პარტიამ, რომელმაც შემოწირულობა მიიღო, მიღებული თანხა ბიუჯეტში უნდა დააბრუნოს. ვინაიდან 2012 წლის დეკემბერში მოხდა ამ სამართალდარღვევის ამნისტირება, ამ დრომდე ჩადენილი დარღვევისთვის პასუხისგება არავის მოუწევს, მათ შორის, არც მამუკა ბახტაძეს.

მიუხედავად ამნისტიისა, “საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველო” მაინც გეგმავს აუდიტის სამსახურისთვის მიმართვას. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, არსებობს პრაქტიკა, როდესაც 2013 წელს აუდიტის სამსახურმა განიხილა მსგავსი შემთხვევბი, დარღვევა დაადგინა, თუმცა ამნისტიის გამო ჯარიმა არ დააკისრა.

TI-ში გეგმავენ, რომ ბახტაძის საკითხის შესწავლის მოთხოვნით აუდიტის სამსახურს დღეს, 20 ივნისს, მიმართონ. ამ სამართალდაღვევაზე ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა 2018 წლის 2 აგვისტოს გადის.

პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ 19 ივნისს ენმ-ის დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საკუთრი თანხა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” არასოდეს შეუწირავს. რაც შეეხება 2012 წლის აგვისტოში ენმ-სთვის მისი სახელით შეწირულ 20 000 ლარს, ბახტაძე ამბობს, რომ მისი ანგარიში მხოლოდ ტექნიკურად იქნა გამოყენებული:

“თქვენ თუ გაინტერესებთ ის, რამდენად გადავრიცხე ჩემი თანხა ენმ-ის მხარდასაჭერად, მე ამაზე მაქვს მარტივი პასუხი – არა, მე ჩემი თანხა არასოდეს არ გადამირიცხავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”. თქვენ 2012 წელს – იმიტომ, რომ არ ჰქონოდა საშუალება “ქართულ ოცნებას” დაეფინანსებინა პარტია -ადეკვატურად,შეცვალეთ კანონი და იურიდიულ პირებს აუკრძალეთ პარტიების დაფინანსება. ამას მოჰყვა შემდეგ უკვე ცვლილება კანონში საბანკო საქმიანობის შესახებ.

აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი ფიზიკური ანგარიში იქნა გამოყენებული მხოლოდ ტექნიკურად. მე 2011 წლიდან ვიყავი და ვარ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, 2012 წელს ვიყავი დაკავებული ძალიან მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხებით “ქართულ ოცნებაში” და 2012 წლის 1 ოქტომბერს მთელ ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან” – თქვა პრემიერობის კანდიდატმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებთან შეხვედრაზე.

ბახტაძის თქმით, მასზე არავითარი ზეწოლა არ ყოფილა.

მამუკა ბახტაძემ 2012 წლის 2 აგვისტოს, ანუ ორი თვით ადრე, სანამ თავისივე სიტყვებით, ნაცმოძრაობის წაგებას იზეიმებდა, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 20 000 ლარი შესწირა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად Ifact.ge-მ გაავრცელა.

რეესტრის მიხედვით, ამ პერიოდში ბახტაძე “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის” დირექტორი იყო, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი “საქართველოს ინდუსტიული ჯგუფია”.  ინდუსტრიული ჯგუფი კორპორაციას იმ პერიოდშიც ფლობდა, როდესაც მამუკა ბახტაძე მისი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ის კომპანიაა, რომელიც ტყიბულის მინდელის სახელობის შახტს მართავს.   ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია.

დავით ბეჟუაშვილი მერვე მოწვევის პარლამენტში (2012 წელს) თეთრიწყაროს მაჟორიტარი იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. ბეჟუაშვილი საქართველოს მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.

2013 წლის ნოემბერში დავით ბეჟუაშვილმა საპარლამენტო უმცირესობა დატოვა და  “უპარტიო დამოუკიდებელ მაჟორიტართა” ფრაქციას შეუერთდა.


მუხლი, რომელიც ბახტაძემ შესაძლოა დაარღვია სხვისი ფულის შეწირვით, ამნისტირებულია – აუდიტი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი