მემორული ქვა ელიას მთაზე. ფოტო: ცოტნე გამსახურდია

“უკვდავებს მომაკვდავებისგან” – ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის განმარტება წარწერაზე

ელიას მთაზე, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების სხვადასხვა პერიოდში შავნაბადის ბატალიონისა და არტილერისტთა ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილს წარმოადგენდა, მემორიალური ქვაა აღმართული, რომელზეც წერია: “უკვდავებს მომაკვდავებისგან”. ქვის ფოტო სოციალურ ქსელში 19 ივნისს გავრცელდა და მომხმარებელთა შორის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

მემორული ქვა ელიას მთაზე. ფოტო: ცოტნე გამსახურდია

მემორიალური ქვა ელიას მთაზე. ფოტო: ცოტნე გამსახურდია

ვითარების გასარკვევად “ნეტგაზეთი” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაუკავშირდა. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, შორენა სიხარულიძის თქმით, ქვის დადგმის პროცესში უწყება ჩართული არ ყოფილა და ის ადგილობრივმა ვეტერანებმა დაღუპიული არტილერისტების პატივსაცემად, საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით გუშინ, 18 ივნისს დადგეს. სიხარულიძის განცხადებით, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც იყვნენ, შესაძლოა შეცდომა მოსვლოდათ და აღნიშნულზე რაიმე ფორმით აპელირება მიუღებელია.

“არტილერისტების ბატალიონში იბრძოდნენ როგორც ქართველები, ისე არაქართველები, რომლებიც ტოლს არ უდებდნენ ქართველ მებრძოლებს. იქ, იმ უბნის მაცხოვრებელმა ვეტერანებმა, ვისი თანამებრძოლებიც იქ დაიღუპნენ, თავად გადაწყვიტეს, პურის ფული მოიკლეს და თავის მეგობრებს გაუკეთეს ეს ქვა. ისინი იქ მიდიან, იქ თამაშობენ, იქ ცხოვრობენ, ყოველდღე უყურებენ იქაურობას და თავიანთი ინიციატივით გადაწყვიტეს ეს.

ეს ისეთი ვარიანტია, როგორც ხდება ხოლმე თბილისურ და არა მარტო თბილისურ უბნებში: გარდაცვლილი მეგობრის სახელზე ხან წყაროს გააკეთებენ, ხან რაღაცას, ახლაც ასე მოხდა. ამის შესახებ არც ჩვენთვის და არცერთი სამთავრობო ინსტიტუციისთვის არავის მიუმართავს. ამას თანხმობა არც სჭირდება.

ცოტა სენსიტიური თემაა, ამაზე აპელირება ნამდვილად არ მინდოდა. ამ ბიჭებმა ეს მართლა გულით გააკეთეს და მათ ქართული ენის გრამატიკის ცოდნაზე ნამდვილად არ აქვთ პრეტენზია. რაზეც ჰქონდათ პრეტენზია, 90-იან წლებში სისხლი და ოფლი ღვარეს და ნახევრად დაინვალიდებულები ჩამოვიდნენ იქიდან.

…კარგი, იღლიცინა საზოგადოებამ ამაზე, გაიცინა, მაგრამ დაღუპული ბიჭების მემორიალზე ვსაუბრობთ. ხომ არ შეიძლება, ყველაფერი სასაცილოდ გახდეს?”, – განუცხადა შორენა სიხარულიძემ “ნეტგაზეთს”.

მისივე თქმით, ტექსტში არსებული შეცდომის გასწორებაზე, სავარაუდოდ, ინიციატორები იზრუნებენ.

ელიას მთაზე ასევე დგას კიდევ ერთი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი, რომელიც განახლებული სახით 1 წლის წინ გაიხსნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან