ახალი ამბებისამართალი

სააპელაციო სასამართლომ “ბახალა” პატიმრობაში დატოვა

19 ივნისი, 2018 • 2023
სააპელაციო სასამართლომ “ბახალა” პატიმრობაში დატოვა

გიორგი გიორგანაშვილი, იგივე “ბახალა”, სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასამართლო პროცესი დღეს, 19 ივნისს გაიმართა.

მსჯავრდებულის ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო დაცვის მხარის არგუმენტები და გიორგანაშვილი პატიმრობაში მხოლოდ პოლიციელთა ჩვენების საფუძველზე დატოვა.

“სააპელაციო სასამართლოც ბრმა აღმოჩნდა იმ გარემოებების მიმართ, რომელზეც დაცვის მხარე ამდენი ხანია საუბრობს. არც გვქონია იმედი, რომ სააპელაციო რაიმეს შეცვლიდა, იმიტომ, რომ თავიდანვე ეტყობოდათ, არ იყვნენ ამ საქმით დაინტერესებულნი. პროცესზე ერთ მოსამართლეს თვლემდა კიდეც. ეს[საქმე] კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მართლსმსაჯულებას სერიოზული პრობლემები აქვს ამ ქვეყანაში და ორი პოლიციელის ჩვენებით კვლავ შეიძლება ადამიანი ციხეში გაუშვა”, – უთხრა გიორგი მახარაძემ “ნეტგაზეთს”.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე სასამართლოსაგან განაჩენის დასაბუთების ნაწილს დაელოდება, რის შემდეგაც შემდგომ ნაბიჯებზე შეჯერდება.

გიორგი გიორგანაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8-წლიან სასჯელს იხდის. მიმდინარე წლის 2 აპრილს მას კიდევ ერთი ბრალი ორგანიზებული ნარკოდანაშაულისათვის წარუდგინეს.

გიორგანაშვილი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი