ახალი ამბები

რუსეთში საპენსიო ასაკის მომატებას აპირებენ, ნავალნი ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს

19 ივნისი, 2018 • 1800
რუსეთში საპენსიო ასაკის მომატებას აპირებენ, ნავალნი ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს

რუსეთის მთავრობის ახალი კანონპროექტით, საპენსიო ასაკი, შესაძლოა, გაიზარდოს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ცვლილება 2019 წლიდან შევა ძალაში. აღნიშნულს რუსი ოპოზიციონერი, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის” დამფუძნებელი ალექსეი ნავალნი ეხმაურება და მოუწოდებს მოსახლეობას, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქციები გამართოს. ამის შესახებ BBC წერს.

“ეს არის ეროვნული პროტესტი. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, მიუხედავად მათი ასაკისა და პოლიტიკური ხედვებისა, მიიღონ მონაწილეობა საპენსიო ასაკის მატების წინააღმდეგ გამართულ აქციებში. ჩვენთვის სულერთია, ვის მიეცით თქვენ გუშინ ხმა. გამოდით ქუჩაში ახლა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ვერ მიაღწევთ საპენსიო ასაკამდე,” – ამბობს ნავალნი ვიდეომიმართვაში, რომელიც მან ინსტაგრამზე გაავრცელა.

ვიდეოში ნავალნი ასევე განმარტავს, რომ დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით, რუსი კაცების 40% და ქალების 20% ვერ აღწევს საპენსიო ასაკამდე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კი, ეს პროცენტულობა გაიზრდება. მისივე სიტყვებით, აქციები გაიმართება 1 ივლისს, რისი ნებართვის ასაღებადაც ადგილობრივ თვითმმართველობებში ნავალნის მხარდამჭერებმა განცხადებები უკვე დაწერეს. თუმცა, აქციები გაიმართება მხოლოდ იმ ქალაქებში, სადაც საფეხბურთო ჩემპიონატი არ ტარდება.

ვლადიმერ პუტინის დადგენილებით, საფეხბურთო ჩემპიონატების ქალაქებში 25 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით ის აქციები, რომლებიც საფეხბურთო ჩემპიონატთთან კავშირში არ არის, მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დადგენილ დროს/ადგილას  და  ამავდროულად, ფედერეალური უსაფრთხოების სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ ჩაივლის.

14 ივნისს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მთავრობა საპენსიო ასაკის მატების ინიციატივით გამოდის. კერძოდ, ქალებისთვის ასაკი 55-დან 63 წლამდე მოიმატებს, ხოლო კაცებისთვის 60-დან 65 წლამდე. შაბათს, 16 ივნისს, მთავრობამ კანონპროექტი განსახილველად დუმაში შეიტანა. მედვედევის გეგმით, საპენსიო ასაკი ეტაპოვბრივად, 2019 წლიდან მოიმატებს. ქალებისთვის მატება 2034 წლამდე გაგრძელდება, ხოლო კაცებისთვის – 2028-მდე.

კანონპროექტის აუცილებლობის მთავარ მოტივად მთავრობა რუსეთის ამჟამინდელი საპენსიო სისტემის დისბალანსსა და “მოსახლეობის დაბერებას” ასახელებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი