რიკოთზე ავტობანის 14.7–კილომეტრიანი მონაკვეთის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა

რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წინადადების წარდგენა კომპანიებს 90 დღის განმავლობში შეუძლიათ.

“შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4-ზოლიანი 14.7 კმ-იანი გზა, 14 ხიდი და 12 გვირაბი აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო დააფინანსებს (JICA). რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია  51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია,” – წერია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების თანახმად, რიკოთის მოდერნიზება ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას. ასევე მოხდება მგზავრობის დროს შემცირება.

დღეს, 19 ივნისს ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობის დასრულებას ხელისუფლება 2021 წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა ეს პროცესი 1-2 წლით გადავადდება. ცქიტიშვილისვე განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის, ხიდებისა და გვირაბების ასაშენებლად ტენდერი რამდენიმე ლოტად გამოცხადდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.