ახალი ამბები

თალაკვაძე: დეპუტატებს გვსურს, გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით ვიცხოვროთ

19 ივნისი, 2018 • 4991
თალაკვაძე: დეპუტატებს გვსურს, გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით ვიცხოვროთ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ დეპუტატებს სურთ, გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით იცხოვრონ და მათთან ერთად გაიარონ წვრთნა და მომზადება.

თალაკვაძის თქმით, ამ გზით საკუთარ შვილებს დაანახებენ, რომ შეიარაღებულ ძალებში სამსახური დიდი პატივია. ამ ინიციატივით თალაკვაძემ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ლევან იზორიას მიმართა:

“ბატონო ლევან, თქვენ გაქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა რეფორმებისა და თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაში. ჩვენი ჯარისკაცები იცავენ სამშობლოს და იცავენ მშვიდობას მსოფლიოს ურთულეს წერტილებში. რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა მათ მიმართ მაღალია.

დეპუტატებს გვაქვს სურვილი, რომ გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით ვიცხოვროთ, მათთან ერთად გავიაროთ წვრთნა და მომზადება და მივცეთ მაგალითი ჩვენს შვილებს, რომ შეიარაღებულ ძალებში სამსახური დიდი პატივია. შესაბამისად, ველით თქვენს თანხმობას ამასთან დაკავშირებით” – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს, 19 ივნისს, საქართველოს პარლამენტში უსმენენ პრემიერობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას. დაგეგმილია მინისტრობის კანდიდატების მოსმენა კომიტეტებში, დღის ბოლოს კი გაიმართება ბიუროს სხდომა.

პრალამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც 13 ივნისს გადადგა პრემიერი კვირიკაშვილი. მმართველმა პარტიამ პრემიერობის ახალ კანდიდატად წარადგინა ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი