ახალი ამბები

რომც იყოს ხარვეზი, გამოსწორდება – დიმა გაბუნია დევდარიანის სარჩელზე

19 ივნისი, 2018 • 2455
რომც იყოს ხარვეზი, გამოსწორდება – დიმა გაბუნია დევდარიანის სარჩელზე

მოპასუხეთა ინფორმაციით, ზვიად დევდარიანის სარჩელს, რომელიც მან  პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით 12 მოპასუხის წინააღმდეგ შეიტანა, სასამართლომ ხარვეზი დაუდგინა.

ერთ-ერთი მოპასუხის, იდა ბახტურიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით, დღეს საქალაქო სასამართლოში დარეკა, სადაც, როგორც მოპასუხეს, დაუდასტურეს, რომ  სასამართლომ ხარვეზების გამო არ დაარეგისტრირა დევდარიანის სარჩელი.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ზვიად დევდარიანის ადვოკატს, დიმიტრი გაბუნიას, რომელმაც გვითხრა, რომ ჯერჯერობით არ მიუღიათ სასამართლოსგან დახარვეზების შესახებ ცნობა.

“ჩვენ არ გვაქვს მიღებული ოფიციალური შეტყობინება, ველოდებით მას. როდესაც მივიღებთ ოფიციალურ შეტყობინებას, გაცნობებთ, თუ რა ხდება სასამართლოში.  რომც იყოს ხარვეზი, გამოსწორდება. სარჩელი წარმოებაში ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მიღებული,” – განმარტავს ის.

ზვიად დევდარიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 პირის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით. მისმა ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ მოპასუხე მხარეებიდან დაასახელა 8 პირი, რომლებსაც უჩივიან:

თამარ ჩერგოლეიშვილი; ბაია პატარაია; ნინო დანელია; თამარ ყურაშვილი; თამარ კაკაბაძე; იდა ბახტურიძე; ეკატერინე ონიანი; ტაბულა.


მას შემდეგ, რაც ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველმა სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს წარუდგინა, ქალთა მოძრაობამ ქალების სექსუალურ შევიწროებაში 17 მარტს დაადანაშაულა.

“ნეტგაზეთმა” ინტერვიუ ჩაწერა რამდენიმე ქალთან, რომლებმაც ზვიად დევდარიანის მხრიდან შევიწროებაზე კონფიდენციალურად ისაუბრეს. კიდევ რამდენიმე ისტორია გამოაქვეყნა ქალთა მოძრაობამ და ტაბულამ. დევდარიანი ბრალდებებს უარყოფს. საქმეს იკვლევს სახალხო დამცველი, ასევე გამოძიება დაწყებული აქვს შსს-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი