დღეს პარლამენტში მოუსმენენ ბახტაძის მიერ წარდგენილ კაბინეტს

დღეს, 19 ივნისს, საქართველოს პარლამენტში მოუსმენენ პრემიერობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას. დაგეგმილია მინისტრობის კანდიდატების მოსმენა კომიტეტებში, დღის ბოლოს კი გაიმართება ბიუროს სხდომა.

პრალამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც 13 ივნისს გადადგა პრემიერი კვირიკაშვილი. მმართველმა პარტიამ პრემიერობის ახალ კანდიდატად წარადგინა ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება მცირე ზომის მთავრობა და ამ მიზნის მისაღწევად შესაძლოა გარკვეული უწყებები გაერთიანდნენ. ბახტაძემ ჯერ არ დაასახელა, კონკრეტულად რომელი სამინისტროების გაერთიანებას გეგმავს

18 ივნისს გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ სამინისტროების გაერთიანებას ესაჭიროება საკანონმდებლო ცვლილებები, რასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება. მანამდე კი ის პარლამენტს წარუდგენს მთავრობის ძველ შემადგენლობას, რომელსაც საკანონმდებლო ორგანომ ნდობა უნდა გამოუცხადოს. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ კი ბახტაძე პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს, სადაც, შესაძლოა, იყვნენ ახალი სახეები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.