ახალი ამბები

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ფილმი პირველ არხზე 19 ივნისს გავა

18 ივნისი, 2018 • 2393
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ფილმი პირველ არხზე 19 ივნისს გავა

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობასთან დაკავშირებულ ფილმს პირველი არხი ხვალ, 19 ივნისს, 12:15 საათზე გაუშვებს.

პირველი არხის აღმასრულებელი საბჭო აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია”გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებული ფილმის დაბლოკვის შესახებ სრული აბსურდია. საბჭოს ცნობითვე, ფილმი პირველმა არხმა გაუგზავნა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამოსაძიებლად შექმნილ საპარლამენტო დროებით კომისიას, რათა გაერკვია, ხომ არ შეუშლიდა ხელს ამ ფილმის გაშვება გამოძიების პროცესს. ფილმი ასევე გაეგზავნა სახალხო დამცველს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს:

“ყველაფერი იმდენად ნათელია, რომ, წესით, აქ კითხვებიც არ უნდა ჩნდებოდეს, მაგრამ პერიოდულად მაინც ისმის ბრალდება, რომ ფილმს ვბლოკავთ. ნათელია, რომ ვიღაცისთვის მთავარი სწორედ ეს აჟიოტაჟია და არა სიმართლის დადგენა”,- ნათქვამია განცხადებაში.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს აცხადებდა, რომ პირველი არხი მიზანმიმართულად არ უშვებს აღნიშნულ ფილმს. მისივვე თქმით “ვიღაცებს არ აწყობთ, საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს”.

საბჭო ზაზა სარალიძის განცხადებასთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს. მათიცე ცნობით, დღეს, 18 ივნისს, მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი, გიორგი გვიმრაძე შეხვდა ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს, ნესტან ლონდარიძეს. საბჭოს ცნობით, ამ შეხვედრაზე ზაზა სარალიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ ფილმის ეთერში განთავსება იზღუდება პოლიტიკური მოტივით, რასაც საბჭო არ ეთანხმება.

“მაუწყებლის შესაბამისი სამსახურის აზრით, ფილმი არ აკმაყოფილებს ჟურნალისტური საქმიანობის სტანდარტებს და მაუწყებელთა ქცევის კოდექსს. ამდენად, პირველი არხის მენეჯმენტს მიაჩნდა, რომ მასზე მუშაობა უნდა გაგრძელებულიყო. რათა შვილმკვდარ მამას არ ჰქონდეს განცდა, რომ მისი შვილის მკვლელობის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი რაიმე ინფორმაციას მალავს, ამასთანავე, არ გაგრძელდეს სხვადასხვაგვარი სპეკულაციებით საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანა, პირველი არხის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, ხვალ, 19 ივნისს, 12:15 საათზე, მოამბის საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გაუშვას ეს ფილმი“,- ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი