ახალი ამბებიკომენტარი

ანა ნაცვლიშვილი: სხვა ქვეყნების მაგალითმა მკაცრი ნარკოპოლიტიკის არაეფექტურობა დაგვანახა

18 ივნისი, 2018 • 1840
ანა ნაცვლიშვილი: სხვა ქვეყნების მაგალითმა მკაცრი ნარკოპოლიტიკის არაეფექტურობა დაგვანახა

ანა ნაცვლიშვილი: იურისტი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

„მართალია, მე არ ვარ ნარკოტიკების მოხმარების მომხრე და არ ვთვლი, რომ ეს კარგია, თუმცა ვფიქრობ, რომ ნარკომომხმარებელი ციხით არ უნდა ისჯებოდეს.

სახელმწიფო არ უნდა უზღუდავდეს ადამიანს თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების უფლებას: ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა მავნე ნივთიერებებს. ასევე თავად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობაც საკუთარი ქმედებების შედეგზე.

რაც შეეხება გამსაღებლებს, ცხადია, ისინი უნდა ისჯებოდნენ. მაგრამ მომხმარებლების ციხეში გამოკეტვას არ ვეთანხმებით, მით უფრო, რომ სხვა ქვეყნების მაგალითმა მკაცრი ნარკოპოლიტიკის არაეფექტურობა უკვე დაგვანახა.

ნარკოდამოკიდებულება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებების თემა უფროა, ვიდრე სისხლის სამართლის. ცხადია, არ ვგულისხმობ ნარკოტიკების რეალიზაციისა და იმპორტის საკითხებს.

თუ ჯანდაცვის სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას და დაკავდება იმით, რომ შემცირდეს ქვეყანაში ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი, თუ იმუშავებენ, რომ გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება მოხმარების რისკებთან დაკავშირებით, ბევრად უკეთეს შედეგს მივიღებთ.

სამართალდამცავების საშუალებით გამსაღებლებისა და  ნარკოტიკების იმპორტიორთა წინააღმდეგ უნდა ვიბრძოდეთ.

აუცილებლად უნდა გააქტიურდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის როლი ნარკოპოლიტიკაში“.

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი