ახალი ამბები

ახალი კანონპროექტით გამოცდებისა და ტესტირებების ვიდეოკონტროლი შესაძლებელი გახდება

18 ივნისი, 2018 • 1933
ახალი კანონპროექტით გამოცდებისა და ტესტირებების ვიდეოკონტროლი შესაძლებელი გახდება

ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკუთვნის, შესაძლებელი გახდება გამოცდებისა და ტესტირებების ვიდეოკონტროლი. როგორც ნეტგაზეთს გამოცდების ეროვნულ ცენტრში უთხრეს, ცვლილება შევა საქართველოს კანონში “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ”.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის იურისტის, სოფიო გიორგაძის თქმით, ნორმატიულად უკვე დარეგულირებულია გამოცდებზე ვიდეომონიტორინგის საკითხი. ამის შესახებ ნორმა უკვე გაწერილია როგორც ეროვნული გამოცდების დებულებაში, ასევე, ყველა შესაბამის დოკუმენტში.

“აქ არის უბრალოდ საუბარი საკითხის ტექნიკურ გამართვაზე. დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი ჩვენსა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტრს შორის. თავდაპირველად, მათ უნდა შეეტანათ ეს კანონპროექტი, თუმცა, რაკიღა ეს ვერ განხორციელდა, შევიტანეთ ჩვენ. უბრალოდ, შესაბამისობაში მოდის ნორმატიული აქტები ერთმანეთთან, არსებული რეალობის ასახვაა საკანონმდებლო დონეზე,” – განმარტავს ის.

რაც შეეხება ცვლილების მოტივს, გიორგაძის სიტყვებით, ვიდეომონიტორინგი ხდება როგორც ეროვნული ცენტრის, ასევე, აპლიკანტის ინტერესების დასაცავად. მისი თქმით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი რამდენიმე სახის გამოცდას ატარებს, მათ შორის არის ეროვნული, მასწავლებლების, საუნივერსიტეტო-საგნობრივი და მაგისტრანტების გამოცდები.

“შესაბამისად, იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად წარიმართოს, უცილებელია ვიდეოკონტროლი. აქ არ არის საუბარი უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ გამოცდებზეც, მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს თუნდაც გადაწერის ან ელექტრონული საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი,” – გვიყვება სოფიო გიორგაძე.

როგორც მისი სიტყვებიდან ვიგებთ, ვიდეოკონტროლის წარმოება უნივერსიტეტებისთვის სავალდებულო სახის არ იქნება და კანონპროექტი მხოლოდ უფლებამოსილების არსებობის შესაძლებლობაზე მეტყველებს. სოფიო გიორგაძისვე ინფორმაციით, ვიდეოსისტემით შეიძლება გაკონტროლდეს როგორც უშუალოდ გამოცდის პროცესი, ასევე განადგურდება აპელაციის. აპელაციის ვადის გასვლის შემდეგ ვიდეოჩანაწერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი