ბოლო პერიოდში „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ზესტაფონში „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით კრიმინალური ავტორიტეტები, „ქურდული სამყაროს“ აქტიური წევრები: 1984 წელს დაბადებული თ.კ., 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ბ. (მეტსახელად „ბახა-ბახა“) და 1968 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.ბ. დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“. შსს-ს განცხადებით, ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდთან“ – ფრიდონ სულაქველიძესთან (მეტსახელად „პაწუა“) და მის ძმასთან – ხვიჩა სულაქველიძესთან, რომლებისგანაც დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი „წესებით“ მოქმედებდნენ. კერძოდ:

“ბრალდებულები ზესტაფონში მდებარე ერთ-ერთი კაფეს მფლობელისგან, 1977 წელს დაბადებული გ.ჯ-სგან, „კანონიერი ქურდის“ – ფრიდონ სულაქველიძის მიერ მისი სამეწარმეო საქმიანობის მფარველობის სანაცვლოდ, მუქარითა და ქურდული გარჩევის გზით, ყოველთვიურად მოგების 30 პროცენტის გადახდას მოითხოვდნენ.”

როგორც შსს აცხადებს, რომ ტარდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები ხვიჩა სულაქველიძის ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს.

გარდა ამისა, როგორც შსს აცხადებს, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი კიდევ 2 პირი.

შსს-ს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები – 1980 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1981 წელს დაბადებული, ჯ.ო. დააკავეს. სამინისტროს ცნობით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველებმა ბ.ბ. და ჯ.ო. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები ამოიღო, რომლებშიც ბრალდებულების „ქურდული სამყაროს“ წევრებთან კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია ინახება,” – აცხადებს შსს.

გამოძიების ინფორმაციით, ბ.ბ-მ და ჯ.ო-მ, უცხოეთში მყოფ „კანონიერ ქურდთან“ – ნადირ სალიფოვთან (მეტსახელად „გული“) შეთანხმებით, მოქალაქეს „ქურდული გარჩევა“ მოუწყვეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ: “ასევე, ბრალდებულები მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.”

გამოძიება მიმდინარეობს „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

ასევე, მიმდინარე წლის 16 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 1962 წელს დაბადებული გ.ე. დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, გ.ე. სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით 2007 წლიდან იძებნებოდა, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს და 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:

“დაკავებული აღიარებს „ქურდულ სამყაროს“. მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდთან“ – ზაზა ელიკაშვილთან და „ქურდული სამყაროს“ სხვა წარმომადგენლებთან: ოთარ ელიზბარაშვილთან (მეტსახელად „ჭაღარა“), გიორგი ახალმოსულიშვილთან (მეტსახელად „ბურვაკა“), ნოდარ გიორგაძესთან (მეტსახელად „ოდო“), ბესიკ ჭანყოშვილთან (მეტსახელად „დრელე“).”

  • შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 16-17 აპრილს, ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად – „Caucase Normandie“, რომლის დროსაც, შსს-ს განცხადებით, დააკავეს 4 ქართველი „კანონიერი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი. დაკავებულთა შორისაა რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ.
  • მიმდინარე წლის 15 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ნანსში დაკავებულთა სასამართლო პროცესი დასრულდა. „კანონიერ ქურდებს“ – კახა შუშანაშვილს, ზაზა ელიკაშვილსა და გიორგი ელერჯიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ და სამუდამოდ აეკრძალათ საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა. დაკავებულ ბიძინა ბაკურიძეს კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და მასაც სამუდამოდ აეკრძალა საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა. შსს-ს ცნობით, დაკავებულები რჩებიან პატიმრობაში.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.