ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზ მაღალჩინოსნებს აუკრძალეს NGO-ების მიერ დაგეგმილ საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობა

18 ივნისი, 2018 • 2019
აფხაზ მაღალჩინოსნებს აუკრძალეს NGO-ების მიერ დაგეგმილ საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის ვეგ-გვერდი აქვეყნებს განკარგულებას, რომლის შესაბამისად, “სახელმწიფო ცენტრალური ორგანოების თანამშრომლებს ეკრძალებათ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საზღვარგარეთ დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობა”.

გარდა ამისა, სავალდებულო ხდება “აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ანგარიშის ჩაბარება. ასევე, სავალდებულო წესით შეთანხმება აფხაზეთის რესპუბლიკის პრემიერ- მინისტრთან ოფიციალური პირებისა და სახელმწიფო მართვის ცენტრალური ორგანოების თანამშრომელთა სამუშაო ვიზიტებთან  დაკავშირებით”.

ბოლო წლების განმავლობაში აფხაზი ჩინოვნიკები პერიოდულად მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილ შეხვედრებში ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიებზე ქართულ მხარესთან, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში სულ უფრო რთული ხდებოდა  აფხაზი მაღალჩინოსნებისთვის მსგავს შეხვედრებზე გამგზავრება.

დაახლოებით ერთი წლის წინ აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც საერთაშორისო შეხვედრებში ქართველებთან ერთად მონაწილეობდნენ, “ქვეყნის ღალატში” დაადანაშაულეს. მაშინ ამ კამპანიას პასუხი გასცეს ძირითადად სამოქალაქო საზოგადოების იმ აქტიურმა წარმომადგენლებმა მათ, ვინც წლების განმავლობაში აფხაზეთის სამოქალაქო სექტორს სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრებში წარმოადგენენ და აფხაზურ პოზიციებს იცავდნენ. მათი განცხადებით, აფხაზეთში გარკვეული ჯგუფების მთავარი სამიზნე არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც დასავლური დონორები აფინანსებენ.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ ამ ფონზე, შესაძლოა, აფხაზეთში “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონპოექტის იდეაც გაჩნდეს, რასაც, მათი განმარტებით, აფხაზეთის საერთაშორისო იმიჯისთვის და სიტყვის თავისუფლებისთვის შეუქცევადი შედეგები მოჰყვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი