ახალი ამბები

კობახიძე: მთავრობაში ცვლილებები იქნება, ეს თავად მამუკა ბახტაძის პოზიციაა

16 ივნისი, 2018 • 1935
კობახიძე: მთავრობაში ცვლილებები იქნება, ეს თავად მამუკა ბახტაძის პოზიციაა

მმართველი გუნდი საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან ახალი მთავრობის დასაკომპლექტებლად კონსულტაციებისთვის ემზადება. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ინტენსიური მოლაპარაკებები მამუკა ბახტაძესთან მომდევნო დღეებში დაიწყება.

კობახიძემ მედიასთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ახალ მთავრობაში ცვლილებები იქნება, ვინაიდან ეს თავად პრემიერობის კანდიდატის პოზიციაა.

“ბატონი მამუკა შეარჩევს მინისტრობის კანდიდატებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მასთან კონსულტაციები. სავარაუდოდ, დღეს-ხვალ გვექნება საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელებს მთავრობის შემადგენლობას საქართველოს პარლამენტში.

ახალი სახეები ყველა შემთხვევაში იქნებიან. ახალი კანდიდატი, სულ მცირე, ფინანსთა სამინისტროსთვისაა დასასახელებელი. იქნებიან ასევე სხვა ახალი კანდიდატებიც. ცვლილებები აუცილებლად იქნება მთავრობაში. ეს არის ბატონი მამუკას პოზიცია”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა და პარამენტმა ბახტაძის კანდიდატურა წარადგინეს, პროცედურულად, ამის შემდეგ, პრემიერობის კანდიდატმა  მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა უნდა მოამზადოს. ამისთვის მას 7-დღიანი ვადა აქვს.

მას შემდეგ, რაც მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და პროგრამას წარადგენს, პრეზიდენტი ამ საკითხს განსახილველად და კენჭისყრისთვის საქართველოს პარლამენტს გაუგზავნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი