ახალი ამბები

გლდანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-მ ორი პირი დააკავა

16 ივნისი, 2018 • 1431
გლდანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-მ ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გლდანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, 1983 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა პირმა 1986 წელს დაბადებულ პირს  შურისძიების მიზნით, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად, დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული რამდენიმე საათში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო მეორე, 1982 წელს დაბადებული დაკავებული, რომელმაც სამართალდამცავებს არაფერი შეატყობინა. აღნიშნული პირი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით მიმდინარეობს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება, დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლი კი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი