ახალი ამბებისაზოგადოება

“იყო ერთი გოგო”- თანამედროვე ქართული ზღაპრები გოგოებზე და გოგოებისთვის

15 ივნისი, 2018 • 9802
“იყო ერთი გოგო”- თანამედროვე ქართული ზღაპრები გოგოებზე და გოგოებისთვის

ლიზა 9 წლისაა, გამორჩეულად უყვარს ასტრიდ ლინდგრენისბულერბიელი ბავშვები”, რომლის მთავარ გმირსაც მასსავით ლიზა ჰქვია. შვედეთის პატარა სოფელ ბულერბიში სულ სამი სახლი დგას: ერთში 7 წლის ლიზა ცხოვრობს თავის უფროს ძმებთან, ლასესა და ბოსესთან ერთად, მეორე სახლში ორი გოგონა – ბრიტა და ანა, მესამეში კი – ბიჭუნა ულე. ეს ბავშვები მეგობრები არიან – სულ ერთად თამაშობენ, სკოლაში დადიან, მშობლებს ეხმარებიან.

“მიყვარს იმიტომ, რომ სასაცილო და საინტერესოა. ლიზა მხიარული და ჭკვიანია, სხარტი გონება აქვს, მეგობრულია, ყველა მას ეყრდნობა”, – ამბობს ლიზა, რომელსაც ჯერ არ წაუკითხავს ზღაპრების კრებული “იყო ერთი გოგო”, თუმცა გვეუბნება, რომ ისეთი ნაწარმოებები უყვარს, სადაც გოგოები და ბიჭები თანაბრად არიან წარმოდგენილი.

ლიზას დედა ნატალია მაისურაძე ამბობს, რომ მისი შვილები საკითხავ ლიტერატურას თავად ირჩევენ და ამ მხრივ ოჯახში დემოკრატიული გარემოა. “იყო ერთი გოგოს” შესახებ ბავშვებს თავად უამბო და თქვა, რომ ძალიან მოეწონათ:

“თვითონაც გაკვირვებული იყვნენ, მთამსვლელი ქალი ცოტა გაუკვირდათ, მოეწონათ. გოგონა განსაკუთრებით მოხიბლული იყო, თურმე შეძლებიათ გოგოებსაცო, ამბობდა ”.

“იყო ერთი გოგო” 12 ავტორის 21 ზღაპარს აერთიანებს. ეს არის თანამედროვე ზღაპრები ქალების შესახებ, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი კვალი დატოვეს, მათ შორის არიან თამარ მეფე, ბარბარე ჯორჯაძე, მედეა და სხვები.

“შეიყვარე ვინმე, ან სხვა სამეფოში წადი. იმუშავე. სხვაგან ხომ ქალებიც მუშაობენ?ისე ჩაიცვი, შენ რომ გინდა. შეცვალე შენი ცხოვრება, დილავარდისა! – ამას იტყოდა და ათას საპნის ბუშტს ერთად ამოუშვებდა წყლიდან. ბუშტები სანთლისკენ მიიწევდნენ და სკდებოდნენ” – ეს ამონარიდია ზღაპრიდან “ბლამანჟეს ხიდი”, რომლის მთავარი გმირიც ბარბარე ჯორჯაძეა.

ბლამანჟეს ხიდი – ილუსტრაცია ლეი გრიგოლია

ბლამანჟეს ხიდის” ავტორი ნესტან ნენე კვინიკაძეა. ამბობს, რომ ორი მიზეზით შეაჩერა არჩევანი ბარბარე ჯორჯაძეზე. პირველი, იმიტომ, რომ მოხიბლულია მისი ბიოგრაფიით და მასთან დაკავშირებული ყველა ამბით. მეორეც, ამ არჩევანს პრაგმატული განზომილებაც აქვს, რადგან, როგორც ავტორი ამბობს, გასტრონომიული და კულინარიული აქსესუარები ზღაპრისთვის ხელსაყრელი საშუალება იყო:

“ფაქტობრივად, ზღაპარი ავაგე პროდუქტებზე, ინგრედიენტებზე, შევეცადე,  მისი ისტორია ბავშვისთვის გასაგებ ენაზე რომ გადამეწერა”, – გვეუბნება ავტორი.

ნესტან ნენე კვინიკაძეს ასევე ვკითხეთ, მიაჩნია თუ არა გამოწვევად ის გარემოება, რომ ბარბარე ჯორჯაძის შესახებ ზღაპრის საშუალებით  ქალისა და გოგოს სახე კიდევ უფრო გაიგივდება სამზარეულოსა და გასტრონომიასთან:

“არა, რადგან ეს ისტორია ძალიან თამამ გოგოზეა. ესაა სამეფო, სადაც ქალებისთვის ბევრი რამ შეზღუდულია და პირიქით, ამას ყველაფერს ანგრევს. საკვები გამოყენებული მაქვს, როგორც შესაცნობი საშუალება, რომელსაც მთელი სამეფო აღმოაჩენს ამ ქალის მითითებით და მინიშნებით. ეს არ არის კულინარია, როგორც სამზარეულოში გატარებული ტანჯვის საათები”, – გვეუბნება ავტორი.

ახალი ზღაპრებია დაწერის ან მათი გადაწერის ტენდენცია ახალი არაა. კომპანია “დისნეი” და “პიქსარი” თითქმის ყოველ წელს იღებენ უკვე არსებული ზღაპრების ახალ ვერსიებს, სადაც ვეღარ შეხვდებით პრინცის კოცნით გაღვიძებულ პრინცესებს და ბოროტი დედინაცვლის ან ფერიების პერსონაჟებს. დღეს ბავშვებისთვის იღებენ ისეთ ანიმაციურ ფილმებს, სადაც აქცენტი კეთდება ქალების ერთმანეთისადმი სოლიდარობაზე, მათ მეგობრობასა და სიყვარულზე.

როდესაც ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრის, “თოვლის დედოფლის” თანამედროვე ვერსიის შექმნა გადაწყდა. პროდიუსერებმა განაცხადეს, რომ ფილმს ბოროტი გმირი არ ეყოლებოდა. ასე შეიქმნა ანიმაცია “გაყინული”, სადაც თოვლის დედოფლის ნაცვლად ვხვდებით ელსას, რომელსაც მისი დის, ანას სიყვარული გადაარჩენს.

გარდიანი წერს, რომ ეს ტენდენცია გამოიწვია საზოგადოებრივი აზრის ცვლილებამ, თუმცა ტრანსფორმაცია იმითაცაა განპირობებული, რომ ჰოლივუდში სულ უფრო მეტი ქალი წერს სცენარს ან პროდიუსერად მუშაობს. მაგალითად, ლინდა ვულვერტონი, რომელმაც “მალეფისენტის” სცენარი დაწერა. “მძინარე მზეთუნახავის” ახალ ვერსიაში პრინცესა ავრორა პრინცის კოცნით ვერ გაიღვიძებს, პირიქით, მას “მალეფისენტის” კოცნა აღვიძებს.

კადრი ფილმიდან “მალეფისენტი”

“ნაზ და დამყოლ გოგონებს ვეღარ ნახავთ. ქალი გმირები სწრაფად მოსაუბრე, ათლეტური და შეუპოვრები არიან. ისინი აღარ იყვარებენ იოლად, როგორც ეს დისნეის ძველ ფილმებში ხდებოდა” – წერს გარდიანი.

ნესტან ნენე კვინიკაძეც ამბობს, რომ წინა თაობებისთვის ზღაპრის პერსონაჟი გმირი ყოველთვის ასოცირებული იყო ლამაზ გოგოსთან, მაქმანებიანი კაბებით, რომელიც გადაწყვეტილების მიმღები არასდროს ყოფილა. ახალი წიგნის შემთხვევაში კი ბავშვებს საშუალება მიეცემათ, ისტორიული და არა მხოლოდ ისტორიული პერსონაჟები ყველაზე უცნაური და საინტერესო ფორმით აღმოაჩინონ, სადაც ქალი აღარ ასოცირდება ერთ კონკრეტულ მოდელთან.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა ამბობს, რომ ახალი ზღაპრები და ისტორიები არყევს არსებულ სტერეოტიპებს და მნიშვნელოვანია ბავშვობიდან ესმოდეთ ადამიანებს ქალებისა და კაცების თანასწორობის შესახებ.

“თუ ისინი ცხოვრებაში შეეჯახებიან სტერეოტიპებს, მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რომ მაინც მიაღწიონ იმას, რისი მიღწევაც სურთ. მაგალითად, გოგონას, რომელსაც კოსმონავტობა სურს, შეიძლება შეწყვიტოს ამაზე ოცნება, რადგან კოსმონავტი ქალის მაგალითი არ ჰყავდეს. არ არსებობს სხვაობა გოგონების და ბიჭების ოცნებებს შორის და გოგონებს უნდა შეეძლოთ მათი ოცნებების ასრულება”.

წიგნი გამოიცა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის” ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. წიგნი შეზღუდული ტირაჟით, 500 ცალი დაიბეჭდა, ნაწილი ერთჯერადად გაიყიდა, დარჩენილი ნაწილი კი ბიბლიოთეკებს გადაეცემათ და რეგიონებში დარიგდება. წიგნის ელექტრონული და აუდიოვერსია უფასოდაა ხელმისაწვდომი ელექტრონული წიგნების სახლ “საბას” ვებგვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი