ახალი ამბები

საკრებულოს წევრი ენმ-დან “ოცნების” წარმომადგენლებს ცემაში ადანაშაულებს

15 ივნისი, 2018 • 1796
საკრებულოს წევრი ენმ-დან “ოცნების” წარმომადგენლებს ცემაში ადანაშაულებს

ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი წევრი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს. ვიდეოს, სადაც საკრებულოს წევრი მის კოლეგებს ცემაში ადანაშაულებს, ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს. შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა) დაიწყო.

როგორც ბესო ქათამაძე ჟურნალისტებთან ამბობს, თავდასხმამდე “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ ის დაიბარა, შემდეგ კი ფრაქციის სხვა წევრებთან ერთად მასზე ფიზიკურად იძალადეს. მისივე სიტყვებით, თავდასხმაში 4-5 პირი მონაწილეობდა, ხოლო მიზეზი ფეისბუკზე მისი აქტიურობაა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი ღურჯუმელიძეს, რომელმაც კომენტარი წერილობითი ფორმით მოგვცა.

“როგორც ჩემთვის ცნობილია, ოზურგეთის საკრებულოს ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. ყველა გარემოება დადგინდება და მოხდება კანონისმიერი რეაგირება. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოვლინებას. მიუხედავად მიზანმიმართული პროვოკაციებისა, ჩვენი ვალია ძალადობა არ დავუშვათ და ჩვენი გუნდის მოქმედებაც სწორედ მაღალი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს,” – აცხადებს ღურჯუმელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი