ახალი ამბები

ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

15 ივნისი, 2018 • 5012
ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ცხოველთა მიუნიციპალური თავშესაფრის დირექტორი ზურაბ ლატარია თამანდებობიდან გადადგა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა თავშესაფრარში ცხოველების მდგომარეობის ამსახველი ვიდეო-მასალა.

როგორც “ნეტგაზეთს” ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვახტანგ ლომჯარიამ განუცხადა, ზურაბ ლატარიამ ამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო და სხვა სამსახურში გადაყვანა ითხოვა, რაც დაკმაყოფილდა. ის ოპერატიული რეაგირების განყოფილებაში გააგრძელებს მუშაობას უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

13 ივნისს მოქალაქე ტასო ლოსაბერიძემ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე თავშესაფრის ამსახველი რამდენიმე ვიდეო გაავრცელა. ტასოს თქმით, ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ იმყოფებიან ერთსა და იმავე ვოლიერში მკვდარი და ცოცხალი ლეკვები. ტასოს თქმით, თავშესაფრის პერსონალი მკვდარი ლეკვის ვოლიერიდან გამოყვანას არ აპირებდა.

კიდევ ერთი გარემოება, რაზეც ტასო ლოსაბერიძე საუბრობს, დაავადებული ძაღლების არასათანადო მოვლაა. ტასოს გადაღბულ კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს მომაკვდავი ლეკვი, რომლის გალიაც მზეშია მოთავსებული. კადრებში ჩანს ლეკვი, რომელსაც კრუნჩხვები აქვს და პირიდან ქაფი სდის. ტასოს თქმით, თავშესაფრის უკვე ყოფილი დირექტორი ზურაბ ლატარია ამბობდა, რომ ლეკვი მაინც კვდებოდა და გალიიდან მას შემდეგ გამოიყვანდნენ, რაც ფატალური შედეგი დადგებოდა. ტასოს თქმით, მას შემდეგ კი, რაც მან ვიდეოს გადაღება დაიწყო, ლეკვის გადაყვანა ვეტერინარს დაავალეს.

ტასო თავშესაფარში ვიზიტიდან კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს, სადაც, მისი თქმით, თავშესაფარში მიყვანილი კატა ვოლიერში საკუთარ მოგლეჯილ კიდურთან ერთად იმყოფებოდა.

“მიმტკიცებდნენ, რომ ტრავმირებული შევიდა, თუმცა ხელმძღვანელობისთვის უთქვამთ, რომ ეს კატის ფეხი კი არა, პროტეზი იყო, წარმოიდგინეთ ქუჩის კატა ფეხის პროტეზით”, – ამბობს ტასო.

გარდა ამისა, ერთ-ერთ კადრში კატა ჩანს, რომელიც ტასოს განმარტებით ვოლიერში საკუთარ მოგლეჯილ კიდურთან ერთადაა განთავსებული. ტასო წერს, რომ თავშესაფრიდან გამოსვლის შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი ცხოველი თავშესაფრის გარეთ იყო, რომელიც შემდეგ თავშესაფრის ტერიტორიაზე დააბრუნეს.

ცხოველთა მონისტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი, ვახტანგ ლომჯარია “ნეტგაზეთთან” განმარტავს, რომ მას პრეტენზიები თავშესაფრიდან ცხოველის გაქცევასა და ერთ-ერთი მომაკვდავი ლეკვის მდგომარეობაზე ჰქონდა, თუმცა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავშესაფრის დირექტორმა თავად მიიღო:

მე პირველ რიგში პრეტენზია მაქვს იმაზე, რომ ცხოველი, რომელიც სასეირნოდ იყო გამოყვანილი, თავშესაფრიდან გაიქცა. მალევე დაიჭირეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზურამ თავად დაწერა განცხადება. ეს ძალიან სტრესული სამუშოა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პრობლემები შემცირდეს. 

ლეკვთან დაკავშირებით, მე როგორც ვიცი, რამდენიმე წუთით ადრე იყო ჩატარებული დათვალიერება, როცა ეს ცხოველები ასე არ იყვნენ. თუმცა თავის მართლებას არ ვაპირებ. ეს პასუხისმგებლობა ჩვენ ავიღეთ ჩვენს თავზე. ცხოველებს როცა უჭირთ, მყისიერად სჭირდებათ დახმარება. რამდენიმე თანამშრომლის მიმართ  ჩვენ პრობლემები გვქონდა და საკადრო ცვლილებები დაწყებულია.  ყველა გულგრილობას, რომელსაც ცხოველის დაზიანება ან ფატალური შედეგი თუ ტანჯვა მოჰვყება, გულგრილად არ დავტოვებთ” – ამბობს ვახტანგ ლომჯარია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ლომჯარიამ “ნეტგაზეთთან”ისაუბრა თავშესაფარში ცხოველების მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ სხვა ვიდეოებთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, დღის ბოლომდე სააგენტო თავადაც გაავრცელებს ვიდეომასალას, რომელიც იმავე პერიოდში სხვა რაკურსიადანაა გადაღებული:

რეალურად გადაღებული იყო ისე, რომ მხოლოდ მზე ჩანს და ჩრდილის ნაწილი – არა. გალიაზე  საჩრდილობელი იყო გადაფარებული” – ამბობს ლომჯარია.

ტასოს მიერ გავრცელებული ვიდეოების საპასუხოდ, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ამბობენ, რომ ცხოველთა მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში ლეკვების გადარჩენა ვერ ხერხდება. თავშესაფარში შემოვლებს სიტეტმატიურად აწარმოებენ, თუმცა  შემდეგი შემოვლის დროს ზოგიერთი ცხოველის მდგომარეობა პერსონალს უკვე ფატალური ხვდება:

“გამომდინარე ცხოველთა მდგომარეობიდან და დაავადებებიდან, სამწუხაროდ, ლეკვების გადარჩენა უმრავლეს შემთხვევაში ვერ ხერხდება, ისევე როგორც კნუტების.  ჩვენ შემოვლას სისტემატიურად ვაწარმოებთ, თუმცა ზოგი შემოვლის დროს ზოგი ცხოველის მდგომაროება უკვე ფატალურია. რაც შეეხება მოგლეჯილ ფეხს, ცხოველს ჰქონდა ფეხზე ნეკროზი, საჭირო იყო ოპერაციის გაკეთება და საოპერაციოდ ემზადებოდა ცხოველი. ახლა თავს კარგად გრძნობს, თუმცა შემოყვანის მომენტიდან პრობლემა ჰქონდა ფეხზე. ფაქტობრივად, მკვდარი ჰქონდა კიდური, რომელიც შეხებისთანავე ფაქტობრივად მოწყდა” – ამბობს ვახტანგ ლომჯარია. 

მისი თქმით, თავსესაფრის პერსონალს ყოველდღიურად ათობით პრობლემასთან უწევს გამკლავება, რაც ცხოველთა დიდი ნაკადითა და დაავადებების გავრცელებითაა გამოწვეული. ამ პრობლემების შესამცირებლად კი სააგენტომ სისტემური ცვლილებები განახორციელა:

ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ცხოველი გადავარჩინოთ  და დაავადებების გავრცელება შევამციროთ. ჩვენი პოლიტიკა ნამდვილად პროგრესისკენ არის მიმართული, თუმცა თავშესაფარი არის ისეთი ადგილი, სადაც ყოველდღიურად ათობით პრობლემა გვაქვს, წინასწარ გაუთვლელი საკითხი…   ტრავმირებული, დაავადებული ცხოველები ყოველდღე შემოგვდის. სამწუხაროდ, ყველას გადარჩენა ვერ ხერხდება, თუმცა ჩვენ მიმართულნი ვართ იქითკენ, რომ  ოპერაციების რაოდენობა გავზარდოთ სტერილიზაცია/კასტრაციის მიმართულებით, ასევე, ვაქცინაცია. და ცხოველები რაც შეიძლება მალე დავაბრუნოთ თავის ბუნებრივ არეალში” – ამბობს ლომჯარია.

მისი თქმით, თავშესაფრის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით სააგენტოს ადმინისტრაციაში მომუშავეთა რაოდენობა შემცირდა, რის შედეგადაც გაიზარდა თავშესაფარში ვეტერინართა და სანიტარულ დამლაგებელთა რაოდენობა:

ჩვენ რეორგანიზაცია ფაქტობრივად დავასრულეთ, თუმცა მისი შედეგების დადგომას სჭირდება დრო. ადმინისტრაცია შევამცირეთ და ამის ხარჯზე თავშესაფარი გავაძლიერეთ. გავზარდეთ ვეტერინარების რაოდენობა და ანაზღაურება.  ჩვენი მოსვლის დროს დღეში საშულაოდ 6 ოპერაცია ტარდებოდა, თუმცა ჩვენ უკვე დაახლოებით 15-ის ფარგლებში ავწიეთ ეს მაჩვენებელი. პრაქტიკოსი ვეტერინარების რაოდენობა 4-დან  7-მდე გავზარდეთ, იზრდება კინოლოგებისა და სანიტარული დამლაგებლების რაოდენობა, რომელიც, ცხადია, ასევე თავის კვალს დატოვებს თავშესაფრის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე” – ამბობს ცხოველთა მონისტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია.

მისი თქმით, ცხოველთა მონისტორინგის სააგენტო კონკურსს დღესვე გამოაცხადებს თავშესაფრის დირექტორის თანამდებობაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი