გორის მერია თანამშრომლის მიერ სარალიძეებზე გაკეთებულ კომენტარს სწავლობს

გორის მერიაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მერის თანაშემწის, კახაბერ ბლიაძის კომენტარზე, რომელიც ზაზა სარალიძისა და მისი მოკლული შვილის დავით სარალიძის შესახებ დაწერა, მიმდინარეობს საქმის წარმოება და ყველა ელოდება შედეგებს.

ზაზა სარალიძე გორის პროკურატურას მოუწოდებს, სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება გორის მერის თანაშემწის, კახაბერ ბლიაძის გასაჯაროებულ სიტყვებზე.

კახაბერ ბლიაძემ ზაზა სარალიძის და მისი შვილის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა: “მედალს ორი მხარე აქვს – პირველი, ვინ ყიყინებს და გვერდით ვინ უდგას. მეორე – არც თვითონ ეგ კაცი მყავს და არც ის ცხონებული იყო ანგელოზი. ნუ დაგვავიწყდება, ეგ კონფლიქტი საიდან და რისთვის დაიწყო, რომელიც მკვლელობით დამთავრდა და არ ღირს მაგ საქმის შედარება იმ მკვლელობებთან, რომლებსაც ის ხალხი ახორციელებდა, ვინც ეს აქციები წამოიწყო”.

“გამოდის, რომ ინციდენტის შესახებ იცის ამ ადამიანმა [კახაბერ ბლიაძემ] და საქმის კურსშია, რა მოხდა იმ დაწყევლილ დღეს. გორის პროკურატურიდან ველი ამ პოროვნების მიერ ნათქვამი სიტყვების სამართლებრივ შეფასებას,” – აცხადებს ზაზა სარალიძე.

კახაბერ ბლიაძის კომენტარის გამო მისი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებმაც 11 ივნისს მათი სასწავლებლის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქცია გამართეს. გორის მერის თანაშემწემ საკუთარი განცხადება ფეისბუკითვე განმარტა და აღნიშნა, რომ მისი კომენტარი “ნაწილობრივ არაკორექტული” იყო, რაზეც წუხილი გამოთქვა.

ზაზა სარალიძე ასევე მოუწოდებს თბილისის პროკურატურას, სასწრაფოდ დაასაჯაროონ მის მიერ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის სიმამრის, ბორის კაკუბავას წინააღმდეგ შეტანილი განაცხადის პასუხი, თუ რა სამართლებრივი ფორმა მისცეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.