ახალი ამბები

ქართულმა ავიაკომპანიამ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს ავტორიზაცია მოიპოვა

15 ივნისი, 2018 • 1398
ქართულმა ავიაკომპანიამ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს ავტორიზაცია მოიპოვა

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) ქართულ სატვირთო ავიაკომპანიას „GEO SKY“-ზე საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვა გასცა. სამოქალაქო ავიაციის ინფორმაციით, ნებართვის საფუძველზე ავიაგადამზიდველს უფლება ექნება ოპერირება განახორციელოს EASA-ს წევრ ევროკავშირის 28 და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის 4 ქვეყანაში.

“ნებართვა ადასტურებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სრულ შესაბამისობას საავიაციო უსაფრთხოების ICAO-ს და ევროკავშირის სტანდარტებთან. ამასთანავე, მოწმობს ქვეყნის მიერ ფრენების უსაფრთხოების ნორმების დაცვის და ზედამხედველობის მაღალ ხარისხზე,”-წერია სამოქალაქო ავიაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ავიაციის სააგენტოს თანახმად, „GEO SKY“-ზე ექსპლუატანტის სერტიფიკატი  2017 წელს გასცეს. ამჟამად კომპანია ორი Boeing B747 ტიპის საჰაერო ხომალდისაგან შედგება და ის ბაქოს აეროპორტში ბაზირებს. ბაქოს აეროპორტიდან  „GEO SKY“ სატვირთო გადაზიდვებს ასრულებს ემირატებისა და ავღანეთის მიმართულებით.

„GEO SKY“ ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული. EASA-ს საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვის ქონა გააადვილებს „GEO SKY“-ის ოპერირებას ევროპულ საავიაციო ბაზარზე და ხელს შეუწყობს ავიაკომპანიის შემდგომ განვითარებას. „GEO SKY“ რიგით მესამე ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვის მფლობელი გახდა. 2016 წლიდან, EASA-ს ავტორიზებული ნებართვის ქონა სავალდებულოა ნებისმიერი არაევროკავშირის ქვეყნის ოპერატორისთვის, რომელსაც სურვილი აქვს იფრინოს აღნიშნული გაერთიანების ტერიტორიაზე,”-წერია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი