ახალი ამბები

სააკაშვილი არასამთავრობოებს დისკრიმინაციაში პირიქით ადანაშაულებს

15 ივნისი, 2018 • 4815
სააკაშვილი არასამთავრობოებს დისკრიმინაციაში პირიქით ადანაშაულებს

ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადაანშაულეს დისკრიმინაციულ გამონათქვამის გავრცელებაში მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ჩეჩნები უარყოფით კონტექსტში მოიხსენია. ასევე, მან უარყოფით კონტექსტში ყურადღება გაამახვილა უმრავლესობის ერთი დეპუტატის ებრაულ წარმომავლობაზე. არასამთავრობოების შეფასებას მიხეილ სააკაშვილმა საპასუხო ბრალდებით უპასუხა და თქვა, რომ მათ აქვთ დისკრიმინაციული მიდგომა.

“აი, ეს არასამთავრობო არა მხოლოდ რუსეთს და კადიროვის ჩეჩნეთს “იცავს” ჩემგან, არამედ ამ “დაცვაში” ნათლად გამოსჭვივის ქართველი ერის, როგორც მრავალეთნიკური ერთობის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა.

მთელი განცხადება აგებულია სიცრუეზე და ყველაფრის უკუღმა წარმოდგენაზე. ტექსტის შემდგენელებისგან შეგნებულადაა ამოღებული კადიროვი და ამით ცდილობენ ჩემს მიერ ნათქვამი აზრის დამახინჯებას.
ხაზგასმით ვიმეორებ-კადიროვის ჩეჩნეთი არის ისეთივე საშიში, როგორც პუტინის კაცთმოძულე მმართველობა.
ის, რომ რუსეთიდან ჩამოყვანილი აფერისტი შალელაშვილი საქართველოს პარლამენტში არ უნდა იჯდეს და ჩვენ ქვეყანას არ უნდა ძარცვავდეს, და რომ ის თავისი ეთნიკური წარმომავლობის ხაზგასმით ვერ მოიპოვებს უფლებას, დაკავდეს საეჭვო საქმიანობით, სრულიად ნათელია ყველასთვის, ვისაც ობიექტურობის ნატამალი გააჩნია. განცხადება დაწერილია არაკეთლსინდისიერად და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან”, – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიხეილ სააკაშვილს 14 ივნისს მოუწოდეს, თავი შეიკავოს დისკრიმინაციული გამონათქვამების გავრცელებისგან. აღნიშნული განცხადების ნახვა შეგიძლიათ აქ:

“არა-ფობიას!” სააკაშვილს მოუწოდებს, თავი შეიკავოს დისკრიმინაციული გამონათქვამებისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი