ახალი ამბები

უმრავლესობაში არ საუბრობენ, ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაში

14 ივნისი, 2018 • 1953
უმრავლესობაში არ საუბრობენ, ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაში

უმრავლესობაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ იმის შესახებ, თუ ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაში.

ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დაასახელეს, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში დაგეგმილ ცვილებებზე “ქართული ოცნების” წევრებს არ უსაბრიათ:

“რაც შეეხება სამთავრობო გუნდს, ეს არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივა საქართველოს კონსტიტუციის თანახმად. შესაბამისად, ჩვენ უნდა დაველოდოთ, როდესაც პრეზიდენტის მხრიდან უკვე ოფიციალურად დასახელდება ბატონი მამუკა ბახტაძე კანდიდატად, ამის შემდეგ მას ექნება დრო, რომ წარმოადგინოს [სამთავრობო გუნდი]. მანამდე არ იქნება სწორი ჩვენი მხრიდან კომენტარების გაკეთება. ეს არის ბატონი მამუკას პრეროგატივა და დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას” – თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა განახლებულ კაბინეტში არ იქნებიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. ეს ინფორმაცია ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა.

დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ მას გადაწვყეტილება უკვე მიღებული აქვს, თუმცა დაელოდება გუნდთან კონსულტაციებს. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი თქვა, რომ ის  ყოველთვის იყო და იქნება „ქართული ოცნების“ გუნდური მოთამაშე და ჟურნალისტებს მოუწოდა, მოვლენათა განვითარებას დაელოდონ.

პროცედურულად,  იმ პოლიტიკურმა ძალამ კი, რომელსაც პარლამენტში აქვს უმრავლესობა (ამ შემთხვევაში, “ქართული ოცნება”). შვიდი დღის ვადაში უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი.  თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი წარადგენს მთავრობის ახალი შემადგენლობასა და ახალ პროგრამას.

ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას, ხოლო პრეზიდენტი 7 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს კანდიდატურებს, რის შემდეგაც პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს ნდობა ახალ მთავრობას.


გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ხშირად ჰქონია პარტია “ქართული ოცნების”თავმჯდომარესთან და ყოფილ პრემიე- მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან და მიიჩნევს, რომ ახლა მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სურვილისამებრ დააკომპლექტოს მთავრობა.

სანამ გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას გააკეთებდა, მანამდე იმ ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მთავრობა ატარებდა. მისი თქმით, ბევრი მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღო. კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც მასთან ერთად მუშაობდა მისი პრემიერ-მინისტრობის დროს. კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ”მისცა საშუალება საქართველოსთვის ემსახურა” და წარმატებებიც უსურვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი