ახალი ამბები

მამუკა ბახტაძის პოლიტიკური ხედვის 4 პრინციპი

14 ივნისი, 2018 • 2133
მამუკა ბახტაძის პოლიტიკური ხედვის 4 პრინციპი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ მისი ხედვა დამყარებული იქნება შემდეგ პრინციპებზე – ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა, რაც საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრულ ინტეგრაციას ნიშნავს, საჭირო მიმართულებებით ფუნდამენტური და ინოვაციური რეფორმების გატარება, მცირე მთავრობის კონცეფცია და განათლებაში ინვესტირება.

“ამ რეფორმების შედეგად, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, რომელიც შეეხება თითოეულ ქართულ ოჯახს, ჩვენს ყველა მოქალაქეს. ჩვენ შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ განვითარებას შორის. ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას. საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები.

ამასთან ერთად მიზანშეწონილად მიმაჩნია გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი, ამავე დროს, ანტიკორუფციული ხაზით. განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი. სწორედ მოტივირებული, განათლებული, სამეწარმეო ენთუზიაზმით აღსავსე  და თავიანთ შესაძლებლობებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს იმ შედეგს, რასაც ჰქვია საქართველოს ჩართვა განვითარებული ეკონომიკების მქონე ეკონომიკების რიცხვში”, – განაცხადა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, განათლებაში მასშტაბური ინვესტიციები ჩაიდება და ამ სექტორის განვითარება იქნება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა დაასახელა. ამის შესახებ ცნობილი გახდა დღეს, 14 ივნისს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. ბახტაძე აქამდე ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გუშინ, 13 ივნისს გიორგი კვირკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, შესაბამისად, გადაყენებულად ითვლება მთავრობის სრული შემადგენლობა. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ხშირად ჰქონია პარტია “ქართული ოცნების”თავმჯდომარესთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან და მიიჩნევს, რომ ახლა მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სურვილისამებრ დააკომპლექტოს მთავრობა.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, იმ დროს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება, მის მოავლეობას პირველი ვიცეპრემიერი შეასრულებს (ამ შემთხვევაში, დიმიტრი ქუმსიშვილი).

იმ პოლიტიკურმა ძალამ კი, რომელსაც პარლამენტში აქვს უმრავლესობა (ამ შემთხვევაში, “ქართული ოცნება”). შვიდი დღის ვადაში უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი.  თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი წარადგენს მთავრობის ახალი შემადგენლობასა და ახალ პროგრამას.

ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას, ხოლო პრეზიდენტი 7 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს კანდიდატურებს, რის შემდეგაც პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს ნდობა ახალ მთავრობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი