ახალი ამბები

როგორი ეკონომიკური პოლიტიკა ექნება მამუკა ბახტაძეს

14 ივნისი, 2018 • 2918
როგორი ეკონომიკური პოლიტიკა ექნება მამუკა ბახტაძეს

დღეს, 14 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობამ მამუკა ბახტაძე პრემიერობის კანდიდატად დაასახელა. ბოლო პერიოდში მამუკა ბახტაძე საფინანსო სექტორში ახალი რეგულაციების დაწესების კუთხით აქტიურობდა. ის საფინანსო სექტორში რეგულაციებს ხსნიდა სამართლიანი თამაშის წესების შემოღებითა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით.  ჯერჯერობით მისი განუხორციელებელი ინიციატივაა ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმის დაწესების წესის შეცვლა, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის განახევრება და ა.შ.

“მაღალპროცენტიანი სესხები საბანკო სისტემაში აფერხებს მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებას. საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას“, – მიიჩნევს ბახტაძე.

როგორი ეკონომიკური პოლიტიკა ექნება მას, თუ ის პრემიერ-მინისტრი გახდა? ეკონომისტ ირაკლი ყიფიანის თქმით, მამუკა ბახტაძის ინიციატივები, რომლებიც საფინანსო სფეროს შეეხება, ეკონომიკის განვითარებას დააზიანებს. ეკონომისტი განმარტავს, რომ მოსალოდნელ არჩევნებს თუ გავითვალისწინებთ, მაღალი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ახალმა მთავრობამ სოციალურ პროგრამებზე მეტი ფული გაფლანგოს. ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ ეკონომიკურ ზრდაზე მიმართული რეფორმები მამუკა ბახტაძისგან მოსალოდნელი არ არის.

“მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული ინიციატივები საზიანოა ეკონომიკის განვითარებისთვის. ბანკებზე რეგულაციების გამკაცრება მევახშეობის სტიმულირებას ნიშნავს. თუ სესხზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი დაწესება, საბოლოო ჯამში, იმაზე ნაკლები ადამიანი აიღებს სესხს, ვიდრე აქამდე იღებდა. მოსახლეობას ეს რეფორმები არ უნდა უხაროდეს, რადგან დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ ნიშნავს იმას, ვინც დღეს მაღალი პროცენტის გამო სესხს ვერ იღებს, ამ რეგულაციის შემდეგ აიღებს. თუ ეს ინიციატივა განხორციელდა, ვინც დღეს სესხს იღებს, მხოლოდ ამ ადამიანების ნაწილიღა მოახერხებს სესხის აღებას. ეს არც ჭარბვალიანობის პრობლემას მოაგვარებს. მიმაჩნია, რომ ბახტაძის ეს განცხადებები საარჩევნო კამპანიას უკავშირდება. ჩვენ საარჩევნო პერიოდში შევდივართ. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ეს ადამიანი არ იქნება თავისუფალი პოპულისტური განცხადებებისგან. მაღალი ალბათობაა იმისა, რომ მომდევნო წლებში, სოციალურ პროგრამებში გაცილებით მეტი ფულის ფლანგვა დაიწყოს. წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე, განცდა მაქვს, რომ ბახტაძის ეკონომიკური პოლიტიკა უფრო მეტად სოციალისტური და პოპულისტური იქნება, ” – აცხადებს ირაკლი ყიფიანი.

ეკონომისტ გიორგი პაპავას თქმით, რადგან არ ვიცით, მმართველ გუნდში ზუსტად ვინ იღებს გადაწყვეტილებებს და აქედან გამომდინარე, როგორი ეკონომიკური პოლიტიკა ექნება პრემიერობის შემთხვევაში მამუკა ბახტაძეს,  რთული სათქმელია.

“პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იყო, მაგრამ ზოგიერთის მოსაზრებით, გარკვეულ ცვლილებებს მამუკა ბახტაძე ახორციელებდა. თუ ქვეყანაში ვერ გაგვიგია, ვინ არის მმართველი, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, ვის ჰქვია მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი?! მაგალითად, ბოლო პერიოდში საფინანსო სფეროში ბახტაძის მიერ დაანონსებული ცვლილებები რეალურად მის საქმეს არ წარმოადგენდა და ეს ინიციატივები ეროვნული ბანკისგან უნდა წამოსულიყო. მეორე მხრივ, საკმაოდ მემარჯვენე მიდგომა იყო, როცა ფინანსთა სამინისტრომ მცირე ბიზნესს  გადასახადი შეუმცირა და საგადასახადო აღრიცხვა მოაწესრიგა. კონკრეტულად მამუკა ბახტაძის შეფასება გამიჭირდება. ვიცით, რომ ის საქართველოს რკინიგზაში იყო და, რბილად რომ ვთქვათ, კარგი შედეგები არ ჰქონია. შემდეგ ვნახეთ ფინანსთა მინისტრის პოსტზე, სადაც გარკვეული ცვლილებები მისასალმებელი იყო, თუმცა ის ჩარევა, რაც მან ეროვნული ბანკის კომპეტენციაში განახორციელა, ცალსახად უარყოფითია. მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი რამდენი იქნება და რომელმა ბანკმა რამდენი პროცენტით უნდა გაასესხოს თანხა, ეს ფინანსთა მინისტრის საქმე არ არის,”- აცხადებს გიორგი პაპავა.

მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრობის პერიოდში სამინისტრომ ცვლილებების პაკეტი მოამზადა, რომლითაც მცირე მეწარმეებს საგადასახადო შეღავათი დაუწესდებათ. მოქმედი კანონმდებლობით მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება მეწარმეს, რომლის ეკონომიკური საქმიანობიდან წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება. დაგეგმილი ცვლილებით, მცირე ბიზნესის სტატუსი 500 ათას ლარამდე ბრუნვის საწარმოსაც მიენიჭება. მოქმედი სისტემით მცირე ბიზნესის შემოსავალი 5%-ით იბეგრება. ცვლილებების შემდეგ მცირე ბიზნესის წლიური ბრუნვა 1%-ით დაიბეგრება.

მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრობის პერიოდში სასტარტო კაპიტალის უზრუნველყოფის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო, რომლის მიზანია იმ მცირე და საშუალო მეწარმეებს დაეხმაროს, რომელთა იდეა კომერციულ ბანკებს მოეწონებათ, თუმცა საკმარისი კაპიტალის [თანამონაწილეობის] არარსებობის გამო სესხის აღებას ვერ ახერხებენ. მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე 2017 წლის ბოლოს დაინიშნა.


რა ვიცით მამუკა ბახტაძეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი