ახალი ამბები

რა ვიცით მამუკა ბახტაძის შესახებ

14 ივნისი, 2018 • 7553
რა ვიცით მამუკა ბახტაძის შესახებ

მის შესახებ არ სმენია მოსახლეობის 55%-ს – ამას ამბობს, IRI-ს დაკვეთით მომზადებული კვლევა, რომელიც აპრილში ჩატარდა. ფინანსთა მინისტრობის 7 თვეში საზოგადოებას ყველაზე მეტად თავი დაამახსოვრა ბანკებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებით და ინსტაგრამზე  აქტიური მინისტრის სტატუსით. ვინ არის მამუკა ბახტაძე, რომელმაც რკინიგზაში წელიწადში 250 000-ლარიანი ხელფასი მთავრობაში გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებაზე გაცვალა?

მამუკა ბახტაძის განათლება და სამუშაო გამოცდილება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 36 წლისაა. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო. არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

მაგისტრის ხარისხი ბახტაძემ მოსკოვში, ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მეორედ კი მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით 2010 წელს საფრანგეთში, ბიზნესის ადმინისტრირების ევროპულ ინსტიტუტში დაეუფლა.

მამუკა ბახტაძე 2005 წლიდან მუშაობს. მისი სამუშაო გამოცდილება “საქართველოს რკინიგზიდან” იწყება, სადაც ერთი წლის მანძილზე პროექტების მენეჯერი იყო. 2007 წლიდან 2008 წლის ჩათვლით ბახტაძე სასტუმროების ქსელის “რჩეული” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ასევე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალურ დირექტორად.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, მალევე, 2013 წელს ბახტაძე “საქართველოს რკინიგზის” გენერეალურ დირექტორად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე თითქმის 4 წელი იმუშავა.

საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულად მაღალანაზღაურებადი თანამდებობა მან ფინანსთა მინისტრის პოსტის სასარგებლოდ დატოვა. უკვე შვიდი თვეა ბახტაძე ქვეყნის ფინანსთა მინისტრია.

რა ქონებას ფლობს მომავალი პრემიერ-მინისტრი

მამუკა ბახტაძე ქონებრივ დეკლარაციას, როგორც თანამდებობის პირი, 2014 წლიდან ავსებს. თანამდებობის პირების დეკლარაციების ვებ-გვერდზე მის მიერ შევსებული 5 ქონებრივი დეკლარაცია იძებნება.

პირველი დეკლარაციის თანახმად, ბახტაძე 355 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს მცხეთაში ფლობს, მცხეთაში ასევე ფლობს მიწის ნახვეთს, რომლის ფართობიცაა 670 კვ.მ .რაც შეეხება მამუკა ბახტაძის მამას, იგი ფლობს საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს ხონში და ასევე 4 214 კვ.მ მიწის ნაკვეთს წყნეთში.

2013 წელს მამუკა ბახტაძემ არასრული ერთი წლისთვის შესრულებულს სამუშაოში, საქართველოს რკინიგზის დირექტორის თანამდებობაზე ანაზღაურების სახით 194 925 ლარი მიიღო. ამავე წელს  შპს “ჯორჯია ტრანზიტის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის 46 409 ლარი აქვს მიღებული.

2014 წელს მამუკა ბახტაძემ ხელფასის სახით მიიღო 248 652 ლარი, აქედან :

[checklist]

  • საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორობისთვის 186 780 ლარი
  • ჯორჯია ტრანზიტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის  43 308 ლარი
  • ჯრ ტრანზიტ ლაინის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის 18 564 ლარი.

[/checklist]

 

2015 წელს მამუკა ბახტაძემ ხელფასის სახით მიიღო 289 591 ლარი, აქედან :

[checklist]

  • საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორობისთვის 225 134 ლარი
  • ჯორჯია ტრანზიტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის 45 905 ლარი
  • ჯრ ტრანზიტ ლაინის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის 18 552 ლარი

[/checklist]

2016 წელს მამუკა ბახტაძემ ხელფასის სახით მიიღო 284 688 ლარი, აქედან :

[checklist]

  • საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორობისთვის 220 474 ლარი
  • ჯორჯია ტრანზიტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის 45 662 ლარი
  • ჯრ ტრანზიტ ლაინის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის  18 552 ლარი
  • ამავე წელს მამუკა ბახტაძემ გააჩუქა მცხეთაში, მის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი.

[/checklist]

2017 წელს მამუკა ბახტაძემ, როგორც ფინანსთა მინისტრმა, თვენახევრის მანძილზე შესრულებული სამუშაოსთვის მიიღო 11 151 ლარი.  

“ცენტრ პოინტ ინვესტი”, GIG-ის კომპანია

2012 წლის 2 აგვისტოს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მამუკა ბახტაძემ 20 000 ლარი შესწირა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად Ifact.ge-მ გაავრცელა. რეესტრის მიხედვით, ამ პერიოდში ბახტაძე “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის” დირექტორი იყო, რომლის 100 %-იანი წილის მფლობელი “საქართველოს ინდუსტიული ჯგუფია”.  ინდუსტრიული ჯგუფი კორპორაციას იმ პერიოდშიც ფლობდა, როდესაც მამუკა ბახტაძე მისი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ის კომპანიაა, რომელიც ტყიბულის მინდელის სახელობის შახტს მართავს. ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია.

დავით ბეჟუაშვილი მერვე მოწვევის პარლამენტში (2012 წელს) თეთრიწყაროს მაჟორიტარი იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. ბეჟუაშვილი საქართველოს მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო. 2013 წლის ნოემბერში დავით ბეჟუაშვილმა საპარლამენტო უმცირესობა დატოვა და  “უპარტიო დამოუკიდებელ მაჟორიტართა” ფრაქციას შეუერთდა.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, რომელსაც ბახტაძე ფინანსთა მინისტრის ვებგვერდზე არ უთითებს,  “ცენტრ პოინტ ინვესტს” უკავშირდება. კერძოდ, 2007 წელს მამუკა ბახტაძე დაინიშნა შპს “ცენტრ პოინტი ინვესტის” დირექტორად და მასვე მიენიჭა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ამ კომპანიასთან ბახტაძის კავშირების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ბლოგმა “კავშირები” . 

ცენტრ პოინტში სამუშაო გამოცდილების შესახებ მითითებული არ არის ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, სადაც მინისტრის ბიოგრაფიაა განთავსებული. ამ ბიოგრაფიის თანახმად, 2008-2010 წლებში ბახტაძე არსად მუშაობდა, თუმცა ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ მამუკა ბახტაძე 2007-08 წლებში სასტუმროების ქსელის “რჩეული” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. სასტუმროების ქსელი რჩეულის მფლობელიც მაია რჩეულიშვილია, რომელიც ასევე “ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი და მფლობელი იყო.

მამუკა ბახტაძის კავშირები ბიძინა ივანიშვილთან

ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის დროს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერის პოსტის დატოვებისთვის ემზადებოდა და უცნობი იყო მომავალი პრემიერის ვინაობა, მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, განიხილებოდა თუ არა საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე.

“თქვენ კარგად მიკარნახეთ. კარგი ბიჭია, სხვათა შორის, მე არ განვიხილავდი მას კანდიდატად, მაგრამ საინტერესო პიროვნებაა და შეიძლება ერთ-ერთ ვარიანტად ესეც დარჩეს”- ამბობდა მაშინ ივანიაშვილი.

ბახტაძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ საუბარი 2018 წლის აპრილში კვლავ განახლდა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ცნობები იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრობისთვის მამუკა ბახტაძეს ამზადებენ. ყოფილმა პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ბახტაძე ივანიშვილის უფროსი შვილის, უტა ივანიშვილის ახლო მეგობარია. უტა ივანიშვილი წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და მამუკა ბახტაძეც სწავლობდა საფრანგეთში. სააკაშვილის განცხადებით, ბახტაძე ასევე ივანიშვილის მომავალი სიძეა.

მამუკა ბახტაძე ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას ფეისბუქის ლაივით გამოეხმაურა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჭორებს და სიცრუეს ავრცელებს. მისივე თქმით, რეალურად ბიძინა ივანიშვილის არცერთ შვილს არ იცნობს.

რა პოლიტიკის გატარებას ცდილობდა მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრობის დროს

მამუკა ბახტაძემ მინისტრად დანიშვნის დღიდან აქცენტს აკეთებდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე, სწორედ ამ კონტექსტში დაუპირისპირდა იგი საბანკო სექტორს და ამავე კონექსტში გაჩნდა ახალი ინიციატივა სასტარტო კაპიტალის უზურუნველყოფის რეფორმის შესახებაც.

მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრად დანიშვნისთანავე განაცხადა, რომ მთავარი ორიენტირი ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება იქნება. მისი თქმით, არცერთი რეფორმა ან საგადასახადო ინიციატივა არ იქნება გატარებული ქართული ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე.

ბახტაძემ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა ბანკებისადმი უარყოფითი დამოკიდებულებით. იგი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის კონტექსტში დაუპირისპირდა ბანკებს და თქვა, რომ ისინი  ეკონომიკის მამოძრავებელ ფუნქციას არ ასრულებენ.

“მაღალპროცენტიანი სესხები საბანკო სისტემაში აფერხებს მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებას. საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სწორედ ამიტომ მთავრობა მისი ინიციატივით გეგმავდა, რომ სასტარტო კაპიტალის უზრუნველყოფის რეფორმით დაეხმაროს იმ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომელთა იდეა კომერციული ბანკებს მოეწონებათ, თუმცა საკმარისი კაპიტალის [თანამონაწილეობის] არარსებობის გამო სესხის აღებას ვერ ახერხებენ.

“დღეს გვაქვს  ვითარება, რომ მეწარმე, როდესაც მიდის ბანკში სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი კაპიტალი. თუ მას ეს კაპიტალი არ აქვს, ბევრი ძალიან კარგი იდეა ვერ ხორციელდება და ვერ ხდება სიცოცხლისუნარიანი. ასევე, არის შემთხვევები, როცა პროექტი შეიძლება აკმაყოფილებდეს სტანდარტს, თუმცა არსებული საპროცენტო განაკვეთებიდან გამომდინარე, იმდენად მაღალია საპროცენტო ხარჯი, რომ მეწარმე ხშირად უარს ამბობს სესხის აღებაზე,”- ამბობდა ის.

მამუკა ბახტაძის კიდევ ერთი ინიციატივა ასევე საბანკო სექტორს უკავშირდება. ბახტაძე ამბობდა, რომ ჭარბვალიანობა უნდა შემცირდეს.

“ადამიანებს, როდესაც ისინი იღებდნენ სესხს, კონტრაქტში უწერდნენ პროცენტს. თუმცა შემდეგ არსებობდა ისეთი ტიპის ხარჯები, როგორიცაა სხვადასხვა საკომისიოები, ჯარიმები, საურავები, რომელიც ამ პროცენტს აორმაგებდა, ასამმაგებდა და ხშირად აოთხმაგებდა კიდეც. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ჩვენ გადავიდეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის უფრო მეტი  სამართლებრივი პრიორიტეტის მიცემაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელს შეუწყობს ახალი, სამართლიანი წესების დანერგვას. ადამიანმა წინასწარ უნდა იცოდეს, მაქსიმუმ რა ხარჯი შეიძლება ჰქონდეს პროცენტულ გამოხატულებაში,” – განმარტავს მამუკა ბახტაძე.

ამავე თემაზე გირჩევთ

როგორი ეკონომიკური პოლიტიკა ექნება მამუკა ბახტაძეს

მასალების გადაბეჭდვის წესი