ახალი ამბები

მუზეუმში დაზარალებული მშობლის სასარგებლოდ კულტურის სამინისტროს 10 ათასობით ლარის გადახდა დაეკისრა

14 ივნისი, 2018 • 2053
მუზეუმში დაზარალებული მშობლის სასარგებლოდ კულტურის სამინისტროს 10 ათასობით ლარის გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კულტურის სამინისტროსა და მუზეუმს მოქალაქის სასარგებლოდ  10 ათასობით ლარის გადახდა დააკისრა, რადგან მუზეუმში მიღებული ტრავმის გამო  შრომისუნარიანობა დაკარგა.

ინფორმაცია ამის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა. ის იცავდა დაზარალებულის ინტერესებს.

საიას ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს აუნაზღაურდა ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული მორალური ზიანი 10 000 ლარის ოდენობით, ასევე- უცხოეთში მკურნალობის ხარჯები, საქართველოში ჩატარებული მკურნალობის ხარჯები და დაენიშნა შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის არსებობამდე ყოველთვიური სარჩო.

საიას იურისტის, შორენა ლოლაძის ცნობით, მოსარჩელემ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება 2014 წლის მაისში მიიღო, როდესაც შვილთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა ვარიანში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახელობის მუზეუმში.

იურისტის განცხადებით, მუზეუმის დათვალიერებისას მოულოდნელად ჩამოიშალა აივნის მოაჯირის კონსტრუქცია, სადაც დაზარალებული და სხვა მშობლები ფოტოს იღებდნენ. მოაჯირის ჩამოშლის შედეგად დაზარალებული გადავარდა და სხვა მშობლებიც ზედ დაეცნენ.

შემთხვევის შედეგად მოსარჩელეს უვადოდ დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი და ამ დროისთვის აღარ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება ხერხემლის დაზიანების გამო. ასევე მოსარჩელეს შეეზღუდა პროფესიული შრომისუნარიანობა.

როგორ შორენა ლოლაძემ განგვიმარტა, კულტურის სამინისტრო და მუზეუმი აცხადებდნენ, რომ უბედური შემთხვევა დაზარალებულის ბრალი იყო და მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა. სამინისტრომ და მუზეუმმა ამ  საქმეზე სააპელაციო სასამართლოშიც იდავეს, რის გამოც პროცესი 4 წლით გაგრძელდა.

საიას განმარტებით, საქმის განხილვისას დადგინდა, რომ მუზეუმის ადმინისტრაციამ დაარღვია წინდახედულობის ნორმები და სათანადოდ არ იზრუნა შენობის სიმყარეზე, რამაც გამოიწვია მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანება. ამასთან, გამოიკვეთა, რომ შემთხვევის დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული მუზეუმში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, რის მიუხედავადაც მუზეუმის ადმინისტრაცია მაინც რთავდა ნებას დამთვალიერებლებს, შესულიყვნენ მუზეუმის ტერიტორიაზე, რითაც საფრთხე შეექმნა დამთვალიერებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

შორენა ლოლაძის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ახალშესულია და სამინისტროს ჯერ არ გადაუხდია ყოველთვიური სარჩო, მან დაზარალებულს ასევე უნდა გადაუხადოს 4 წლის განმავლობაში დაგროვილი 315 ლარი, ჯამში, 10 710 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი