რას საქმიანობდა მამუკა ბახტაძე, როცა ენმ-ს 20 000 ლარი შესწირა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბახტაძემ, რომლის კანდიდატურაც აქტიურად სახელდება პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე, 2012 წლის 2 აგვისტოს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 20 000 ლარი შესწირა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად Ifact.ge-მ გაავრცელა.

რეესტრის მიხედვით, ამ პერიოდში ბახტაძე “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის” დირექტორი იყო, რომლის 100 %-იანი წილის მფლობელი “საქართველოს ინდუსტიული ჯგუფია”.  ინდუსტრიული ჯგუფი კორპორაციას იმ პერიოდშიც ფლობდა, როდესაც მამუკა ბახტაძე მისი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ის კომპანიაა, რომელიც ტყიბულის მინდელის სახელობის შახტს მართავს.   ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია.

დავით ბეჟუაშვილი მერვე მოწვევის პარლამენტში (2012 წელს) თეთრიწყაროს მაჟორიტარი იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. ბეჟუაშვილი საქართველოს მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.

2013 წლის ნოემბერში დავით ბეჟუაშვილმა საპარლამენტო უმცირესობა დატოვა და  “უპარტიო დამოუკიდებელ მაჟორიტართა” ფრაქციას შეუერთდა.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორია- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავრობაში.), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში -ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი – ჯამბულ ჯაყელი.

მამუკა ბახტაძე არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს, INSEAD-ის ბიზნესსკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია.

2017 წლის 13 ნოემბრიდან დღემდე ბახტაძე იკავებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას.

მანამდე, 2013 წლის აპრილიდან – 2017 წლის 13 ნოემბრამდე – სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი იყო. 2010-2012 წლებში კი, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი. 2007-2008 წლებში ბახტაძე სასტუმროების ქსელ „რჩეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, 2005-2006 წლებში კი სს „საქართველოს რკინიგზაში“ პროექტის მენეჯერის პოზიციას იკავებდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.