დავით უსუფაშვილის 3 რჩევა ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს

შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი მმართველ გუნდსა და ბიძინა ივანიშვილს 3 რჩევა/რეკომენდაციას აძლევს, რომლის მიხედვითაც  მისი თქმით, ქვეყანა თავიდან აირიდებს დანაკარგებს ბევრ მტკივნეულ საკითხზე.

რეკომენდაცია #1

დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს და შეყწდეს ექსპერიმენტები, როდესაც თანამდებობაზე ერთია, ხოლო გადაწყვეტილებას სხვა იღებს. მისი თქმით, ივანიშვილი არის მმართველი გუნდის ლიდერი, მან უზრუნველყო არჩევნებში “ქართული ოცნების” წარმატება, შესაბამისად, ამომრჩევლის წინაშეც ისაა ვალდებული, რომ ოფიციალური თანამდებობა დაიკავოს და პასუხისმგებლობა აიღოს.

რეკომენდაცია #2

დავით უსუფაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკურ ორგანოებსა და პროცესებს უნდა ჩამოსცილდეს. მისი თქმით, არასწორია მიდგომა, რომ სუს-ი ყველაფერში უნდა ერეოდეს, იქნება ეს სოფლის მეურნეობის საკითხები თუ მერობის კანდიდატების შერჩევის პროცესი. მისი განმარტებით, სუს-ს თავისი უმნიშნელოვანესი ფუნქცია აქვს და იმას უნდა მიხედოს. რაც მთავარია, უსუფაშვილის თქმით, ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს და მოსახლეობამ არ უნდა იგრძნოს, რომ სუს-ის რაიმე ფორმით ერევა საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში.

რეკომენდაცია #3

მისივე თქმით, არსებული რთული სიტუაციის განსამუხტად და იმედის გასაჩენად, აუცილებელია, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები შერეულის ნაცვლად პროპორციული სისტემით ჩატარდეს. მისი თქმით, მოსახლეობამ უნდა იგრძოს, რომ მის მიერ გამოხტაული ნება პროპორციულად აისახება პარლამენტის მანდატებზე და მმართველი გუნდი სამუდამოდ არ ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას.

გუშინ, 13 ივნისს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. უფლებამოსილება შეუწყდა საქართველოს მთავრობასაც. მომავალი პრემიერის კანდიდატურაზე მმართველი გუნდი დღეს იმსჯელებს, კულუარებში ფინანსთა მინისტრის, მამუკა ვახტაძის კანდიდატურა სახელდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com