ახალი ამბები

თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის მინისტრობას გამორიცხავს

14 ივნისი, 2018 • 1858
თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის მინისტრობას გამორიცხავს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” თამარ ჩუგოშვილი მის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრად დასახელებასთან დაკავშირებით გამორიცხავს. როგორც დეპუტატმა განაცხადა “ბათუმელების” კითხვის საპასუხოდ, განიხილებოდა თუ არა მისი კანდიდატურა ამ თანამდებობაზე, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:

“ეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. რაც შეეხება ზოგადად ცვლილებებს, დღეს, ცოტა მოგვიანებით, პარტიაში გაიმართება შეხვედრა. იქნება უმრავლესობის, პოლიტიკური საბჭოსა და მთავრობის წევრების შეხვედრა. იქნება მსჯელობა როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე, ასევე, გუნდის სამთავრობო გეგმის განახლების შესახებ. ჯერჯერობით მე გვარებს ვერ გეტყვით, არ ვიცი, ზუსტად რაზე ჩამოყალიბდება გუნდი” – ამბობს ჩუგოშვილი.

ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან მმართველი გუნდის გუშინდელი გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა:

“მე პირადად მინდა, გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადავუხადო. მისი პრემიერობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. რაც შეეხება გუნდის გადაწყვეტილებას, არის რამდენიმე საკითხი, რამდენიმე მიმართულება , როომელზეც მთავრობასა და პარლამენტს შორის გარკვეული პრობლემები არსებობს. პირველ რიგში, მთვრობის პარლამენტის წინაშე ანგარშვალდებულების კუთხით, ასევე ეკონომიკის კუთხით არსებული გამოწვევები და, საერთო ჯამში, იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმა” – ამბობს დეპუტატი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თამარ ჩუგოშვილმა შესაძლოა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა დაიკავოს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა.


გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა, შესაბამისად, გადაყენებულია მთავრობაც. მინისტრები ამჟამად დროებით ასრულებენ მოვალეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი