ახალი ამბები

კობახიძე: პრემიერი ეკონომისტის გამოცდილებით არსებული გუნდიდან უნდა დასახელდეს

14 ივნისი, 2018 • 1498
კობახიძე: პრემიერი ეკონომისტის გამოცდილებით არსებული გუნდიდან უნდა დასახელდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასურველია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არსებული გუნდიდან დასახელდეს და მას ეკონომიკური გამოცდილება ჰქონდეს.

“კრიტერიუმებს რაც შეეხება, ლოგიკური იქნება მსჯელობა არსებული გუნდიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელებაზე. ლოგიკურია ისიც, რომ კანდიდატს ეკონომიკური გამოცდილება ჰქონდეს. ესეც იქნება კრიტერიუმები, ყოველ შემთხვევაში ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებდი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს, 14 ივნისს, 17:00 საათზე შეიკრიბება მმართველი გუნდი, საპარლამენტო უმრავლესობა გაფართოებულ ფორმატში, და დღესვე დაასახელებენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

რაც შეეხება საკითხს, ვინ შევა ახალ მთავრობაში, ამის შესახებ კობახიძემ არაფერი თქვა.

“ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, პირველ რიგში, ეს არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივა, როდესაც დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ის შემოგვთავაზებს მთავრობის ახალ შემადგენლობას. ამის შემდეგ შეიძლება ჩაერთოს პარლამენტი ამ დისკუსიაში და განხილვაში, დავუტოვოთ ეს კონსტიტუციური უფლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რომელიც ასახელებს მთავრობის ახალ შემადგენლობას”, – განაცხადა ირაკლი კპობახიძემ.

გუშინ, 13 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა, მან გამოსამშვიდობებელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშილს უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ ახალი მთავრობა დააკომპლექტოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი