ახალი ამბები

გული მტკივა – კობახიძის პასუხი პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ კვირიკაშვილის წასვლამ კითხვები გააჩინა

14 ივნისი, 2018 • 2192
გული მტკივა – კობახიძის პასუხი პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ კვირიკაშვილის წასვლამ კითხვები გააჩინა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გული სტკივა პრეზიდენტის ნათქვამზე, რომ პრემიერ-მინისტრების თანამდებობიდან წასვლა  საზოგადეობაში კითხვებს აჩენს.

“ამაზე მართლა გული მტკივა. სახელმწიფო მეთაური, რომელიც კონსტიტუციის თანახმად არის გარანტი რაღაცების, გარანტი მათ შორის კონსტიტუციური სისტემის, თუნდაც სიმბოლურად, მაგრამ მაინც, არ შეიძლება ასეთ განცხადებებს აკეთებდეს. არ მინდა დამატებითი კომენტარების გაკეთება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე განაცხადა, რომ სამთავრობო ცვლილებები საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში ჩვეულებრივი მოვლენაა.

“გვიწევდა საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში ცხოვრება 1990–იანი წლებიდან მოყოლებული. საპარლამენტო დემოკრატიაში მთავრობის ცვლილება არის ნორმალური, ჯანსაღი მოვლენა. ვსაუბრობდით გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, იყო დისკუსიები მმართველ გუნდში, ზუსტად ამ დისკუსიების შედეგი იყი ის განცხადება, რომელიც გაკეთდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ეს არის ჯანსაღი, ნორმალური პროცესი. მთავარია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლიდან მოყოლებული გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინსვლა ყველა მიმართულებით. დემოკრატიის კუთხით გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ამ 6 წლის განმავლობაში. გახსოვთ, რა სიტუაცია იყო 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ. გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რეგიონის მასშტაბით. გახსოვთ, რა ცვლილებები განხორციელდა ჯანდაცვის სისტემაში, რამდენად გაიზარდა ამ სფეროს დაფინანსება. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქაც გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა. გამოვირჩევით უსაფრთხოების და სტაბილურობის მაღალი ხარისხით. ეს ფუნდამენტური წინსვლა განსაკუთრებით საგრძნობია 2008 წლის მოვლენების ფონზე. ყველა მიმართულებით ქართული ოცნება უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის განვითარებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ, 13 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. მან განაცხადა, რომ არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა ბიძინა ივანიშვილთან და პარტიის ლიდერს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ თავად დააკომპლექტოს სამთავრობო გუნდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი